"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, "ყაზატომპრომის" კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე "გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში.
აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი,"- აცხადებს შემოსავლების სამსახური.
თავად ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია “ყაზატომპრომი” ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივას განიხილავს, თუკი კომპანიას შეეზღუდება მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. როგორც “ყაზატომპრომი” აცხადებს, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა ამჟამად გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით აგრძელებენ.
ინფორმაციისთვის, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელმაც გასულ წელს $1.1 მილიარდის ურანი გაყიდა. მეორე ადგილს $1 მილიარდით კანადა, მესამეს კი -ნ 535 მილიონი დოლარით ნამიბია იკავებს. ექსპორტირებული ურანი ატომური ელექტროსადგურების მომარაგებას ხმარდება.
ინფორმაციისთვის, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელმაც გასულ წელს $1.1 მილიარდის ურანი გაყიდა. მეორე ადგილს $1 მილიარდით კანადა, მესამეს კი -ნ 535 მილიონი დოლარით ნამიბია იკავებს. ექსპორტირებული ურანი ატომური ელექტროსადგურების მომარაგებას ხმარდება.




























