მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორის მიერ კომპანიაზე სესხის გაცემა დაბეგვრის მხრივ პრობლემურია - Andersen Georgia

64bf9c59c92ee
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.23 14:24
997
მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოური ინვესტორი კომპანია საკუთარ ქართულ შვილობილზე საკრედიტო დაფინანსებას გასცემს. თუმცა, როგორც ირკვევა დაფინანსების ეს მეთოდი ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან გაუგებრობის საგანი ხდება.

საგადასახადო დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით Andersen Georgia-სა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. Andersen Georgia-ს იურისტის, გიორგი სვანაძეს განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო სექტორისთვის საერთაშორისო პრაქტიკებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც ზოგიერთ პრობლემურ მიდგომას უკავშირდება.

“მწვავე საკითხია, როდესაც ინვესტორ კომპანიას სურს თავის შვილობილზე დაფინანსების სესხის სახით გაცემა. ამ შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საკითხი, ეს სესხია თუ კაპიტალში თანხის ფარული შეტანა, შემდეგ სესხის დაბრუნებისას მიღებული პროცენტი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, როგორც გაცემული დივიდენდი, რა შემთხვევაშიც გამოდის, რომ თითქოს მოგების გადასახადის გადახდა არ ხდება სათანადოდ და ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება ამით ინვესტორს. თუკი ინვესტორს სხვა მიზანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ სესხი გაეცა, მაშინ უნდა იყოს სწორი მიდგომა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უნდა იყოს დადგენილი პრაქტიკა და საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ინვესტორს დაცულობას შესთავაზებს და არ ექნება მას იმის შიში, რომ ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზა აირჩიოს, რაც არის სესხის გაცემა,”- განმარტავს გიორგი სვანაძე.

ინვესტორთა მხრიდან თავიანთი კომპანიებისთვის საკრედიტო დაფინანსების მიცემასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე არაერთი განაცხადია შესული ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვენეტაძე ამბობს, მათი სამსახური ინვესტორთა განაცხადებს სწავლობს და ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საკუთარ პოზიციებსაც უზიარებს.

“ეს საკითხები ჩვენთან შემოდის და არის საკმაოდ მსხვილი თემები. კარგად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან და სახელმწიფო იცავს ინვესტორთა ინტერესებს. წელიწადში ჩვენთან დაახლოებით 10 ასეთი საკითხი შემოდის", - ამბობს ნინო კვენეტაძე.

საქართველოში ბიზნესის მიერ აქციონერებზე მოგების განაწილება 15%-იანი გადასახადით იბეგრება. თუმცა, კომპანიების მიერ ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის სესხების მომსახურება არ იბეგრება, შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სესხის და პროცენტის დაბრუნება სინამდვილეში მოგების განაწილებას წარმოადგენდა და ამ ოპერაციის დაბეგვრა მოითხოვოს. ამ საკითხებთან მიმართებით გასათვალისწინებელია არაერთი ფაქტორი, მათ შორის სასესხო დაფინანსების განაკვეთი, ვადიანობა და სხვა პირობა/ვალდებულებები, რომლებიც საკრედიტო დაფინანსებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები