მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა 8%-ით Domino’s Pizza-ს აქციების ფასი?

domino's pizza

პიცერიების უმსხვილესი ამერიკული ქსელის, Domino’s Pizza-ს აქციების ღირებულება 8%-ით შემცირდა. როგორც ირკვევა, მიზეზი ის კვარტალური შედეგები გახდა, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა.

კერძოდ, აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებელი არასაკმარისად გაიზარდა. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიის შიდა გაყიდვებმა ბოლო კვარტალში მხოლოდ 0.9%-ით იმატა. ეს კი განსაკუთრებით მოულოდნელ იყო იმ ფონზე, როცა უოლ სტრიტის ანალიტიკოსები 2.3%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ინვესტორების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ პიცერიების ქსელმა წლიური ფინანსური ზრდის მოლოდინებიც შეამცირა. თუ აქამდე კომპანია 3%-იან ზრდას ვარაუდობდა, განახლებული პროგნოზით გაყიდვების მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რასელ ვინერი გაყიდვების დაბალ ტემპს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის უამინდობასა და მომხმარებელთა პესიმისტურ განწყობას უკავშირებს. კიდევ ერთ ფაქტორად ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული საწვავის გაძვირებაც სახელდება. როგორც ირკვევა, მარტში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა გარკვეულწილად სწორედ ამან შეამცირა. ვინერის შეფასებით, მსგავსი პრობლემების წინაშე სხვა მსხვილი სწრაფი კვების ობიექტებიც აღმოჩნდებიან. მისი ვარაუდით, Domino's-ის მსგავს შედეგებს ინვესტორები Starbucks-ის, Chipotle-სა და Yum Brands-ის ანგარიშებშიც უნდა ელოდონ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გეოპოლიტიკური ფაქტორების გარდა, Domino's-ის შემოსავლების შემცირებაზე გავლენა ბაზარზე კონკურენციის გაძიერებაც იქონია. Papa John’s-მა და Pizza Hut-მა Domino’s-ის საფასო პოლიტიკას ანალოგიური ფასდაკლებებით უპასუხეს. პარალელურად, Little Caesars-მა მომხმარებელს უფრო იაფი ალტერნატივა შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, რასელ ვინერი დარწმუნებულია, რომ Domino’s-ი პოზიციებს მაინც შეინარჩუნებს. ის მიიჩნევს, რომ კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტი ორი მთავარი კონკურენტის ჯამურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

ცნობისთვის, Domino’s Pizza მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელია. ის ამჟამად 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია აქცენტს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მიტანის სერვისის სისწრაფეზე აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები