ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მცირდება. "ასკანელი ძმების" დირექტორის ირაკლი უგლავას თქმით, 2021 წლიდან დღემდე კლება 40%-ია, რაც ადგილობრივ დონეზე ღვინის მოხმარების 57%-იანი მაჩვენებლით იხსნება.
მიზეზებს შორის არის კონკურენცია მსოფლიო გიგანტებთან და ცნობადობა, რაც ქართული კომპანიებისთვის დღემდე გამოწვევაა.
როგორც უგლავამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, როგორც პრემიუმ, ისე მასიურ წარმოებაში ქართულ ღვინოს აზიურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამაზე სახელმწიფოსთან ერთად თავად კომპანიებმაც მეტი რესურსი უნდა გამოყონ.
„ჩვენი კომპანია ჩინეთის მიმართულებით სტაბილურად ვერ მუშაობს, წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ სანდო პარტნიორები ვიპოვოთ ბაზარზე და გავზარდოთ გაყიდვები, თუმცა საკმაოდ რთული ბაზარია. მით უმეტეს 2019 წლიდან ტენდენციაა რომ მოხმარება მცირდება, 57%-იანი კლება აქვთ ჩინურ ბაზარს ღვინის მოხმარების. სტატისტიკურად მცირდება ქართული ღვინის მოხმარებაც. პრაქტიკულად ბაზარი რომელიც 2021 წელს ევროპული ბაზრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, 2024 წლის მონაცემებით, ყოველ შემთხვევაში პირველი კვარტალის რაც მაქვს, მეხუთე ადგილზეა. 2021 წლიდან დღემდე 40%-იანი ვარდნაა ქართული ღვინის გაყიდვების, შესაბამისად ჩვენც გვიჭირს გაყიდვები. მიზეზი ამის ბევრია. საფრანგეთია ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და წლებია მასზე ექსპორტს 48-50% მოდის. ასევე იტალია, ესპანეთი, რომელიც საფასო ნაწილში დიდ კონკურენციას გვიწევენ.
ჩინეთის ბაზარზე როცა ვლაპარაკობთ, ის ძალიან მრავალფეროვანია. იქ არის ბაზარი როგორც მაღალ ფასიანი ღვინოების, ისე მასიური ღვინოებისთვის. ორივეს ვაწარმოებთ, თუმცა მასიურ მწარმოებლად ვითვლებით და ამიტომ კონკურენცია გვიწევს როგორც ფასის, ისე ცნობადობის მხრივ მსოფლიოს გიგანტებთან.
გვაქვს რიგი უპირატესობაც, ჩინეთში 90%-ზე მეტი მოხმარება არის წითელი ღვინის, ქართულ ღვინოს კი აქვს წითელი ღვინის კარგი კონკურენტული უპირატესობა. ჩვენი საფერავი, რომელიც მრავალფეროვანი ღვინოების წარმოების საშუალებას იძლევა, ძალიან მოთხოვნადია, როგორც ტკბილი, ისე მშრალი, პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა ზოგადი მოთხოვნის კლება გავლენას ახდენს საქართველოდან ექსპორტზეც.
ჩინური ბაზარი იმდენად დიდია ,რომ ჩვენი ადგილის დამკვიდრება მაინც შეგვიძლია როგორც მასიურ, ისე პრემიუმ ღვინოებში, სადაც სხვადასხვა სტრატეგიით უნდა ვიმუშაოთ. ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით მუშაობა და სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა კომპანიების მხრიდანაც უნდა გამოიყოს მეტი რესურსი. რეალურად ქვეყნიდან 47 ქვეყანაში ხდება ექსპორტი, ჩვენ კომპანიასაც დივერსიფიცირებული აქვს და 27 ქვეყანაში გაგვაქვს, თუმცა წილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმდენად დიდია, რომ სხვების უმნიშვნელოა გაყიდვებში. ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ფოკუსირებული ვიყოთ რამდენიმე პერსპექტიულ ბაზარზე, მათ შორის ჩინურზე. მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ და კარგად შევისწავლოთ,“ - განაცხადა უგლავამ.