მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან რთულია, სუპერ პროფესიონალი მეღვინე იპოვო" - "ასკანელში" კადრების დეფიციტზე საუბრობენ

ასკანელი

პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის. გლობალურად გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან 70%-ზე მეტი საწარმო საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს. ეს მაჩვენებელი კი, ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა.

ბოლო წლების განმავლობაში კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული შრომის ბაზრისთვისაც. ადამიანური რესურსის დანაკლისი განსაკუთრებით მწვავედ ყველა იმ დარგში შეინიშნება, სადაც შედარებით დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალა დიდი რაოდენობით არის საჭირო.

მართალია, პანდემიის შემდეგ ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ ტურიზმის სექტორში იყო გამოხატული, თუმცა ახლა ამ პრობლემის წინაშე ფაქტობრივად ყველა სექტორი დგას, მათ შორის არის ალკოჰოლური სასმელების წარმოების ინდუსტრიაც.

როგორც კომპანია "ასკანელის" დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე BMGtv-სთან განმარტავს, კადრების დეფიციტი წარმოების პროცესში ჩართული ყველა რგოლის მიმართულებით არის. გამოწვევის მთავარ მიზეზად ბიზნესმენი ემიგრაციას ასახელებს.

"ჩვენს სფეროში საკმაოდ პრობლემური საკითხია პროფესიონალი კადრების მოძიება. ძალიან რთულია ნახო სუპერ პროფესიონალი მეღვინე. პრობლემა გვაქვს ასევე საინჟინრო მიმართულებით, ტექნიკური თვალსაზრისით, დეფიციტია პროფესიონალი აგრონომიდან, დამთავრებული ყველა იმ ადამიანით, რომელიც სჭირდება საწარმოს. ემიგრაცია ძალიან ცუდი ტენდენციაა ჩვენს ქვეყანაში, კადრები ინტენსიურად გაედინება სხვა ქვეყნებში. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორღაც ვახერხებთ და ვიზრდებით, ოპტიმიზმისკენ ვიხედებით", - ამბობს გოჩა ჩხაიძე.

"ასკანელის" დამფუძნებელი განმარტავს იმასაც, რომ ამ გამოწვევიდან გამომდინარე, კომპანია ბოლო წლების განმავლობაში პროფესიონალი კადრების აღზრდა-გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს. ამასთან, გოჩა ჩხაიძე ყურადღებას სახელფასო პოლიტიკის გადახედვის მნიშვნელობაზეც ამახვილებს.

"საჭიროა რაღაც მოტივაცია გავაჩინოთ, რომ ემიგრაციიდან დაბრუნდნენ ეს ადამიანები. სამწუხაროა რაც ხდება, ამიტომ ვფიქრობ ისინი, ისევ სამუშაო ადგილებმა და ხელფასებმა უნდა შემოატრიალოს", - აღნიშნავს "ასკანელის" დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე.

ცნობისთვის: "თიბისი კაპიტალის" უახლესი კვლევის თანახმად მოსახლეობის დაბერების, კადრების გადინებისა და დაბალი შობადობის გამო, საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გრძელვადიანი გამოწვევად სახელდება. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გაგრძელდება და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად გამოსავალი დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალის ათვისება, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სამუშაო ძალის შემოდინება მოიაზრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები