რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კადრების დეფიციტის ფონზე, სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა ობიექტებში უცხოელი კადრების დასაქმება დაიწყო.
როგორც კოტე გაბრიჩიძემ BMG-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ხელფასები მზარდია, სამუშაო ძალის დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მისი თქმით, სახეზეა შრომითი მიგრაცია, როდესაც საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან, ხოლო არსებული დეფიციტის შესავსებად ბიზნესს უცხოელების დასაქმება უწევს.
„მიუხედავად იმისა, რომ დარგში ხელფასები მზარდია, ჩვენი ანაზღაურებით მაინც ვერ დავეწევით ვერც აღმოსავლეთ და ვერც დასავლეთ ევროპას. ჩვენი მოქალაქეები მიდიან საზღვარგარეთ, მაგალითად, გერმანიაში და იქ საქმდებიან. გამოთავისუფლებულ პოზიციებზე ბიზნესი ცდილობს მოიძიოს კადრები. ჩვენს რესტორანშიც რამდენიმე დასაქმებული მიგრანტია, უცხოელია. გამიგია, რომ რესტორნებში უცხოელი შეფებიც ჰყავთ, რადგან აქაურებს ვერ პოულობენ.
გამიგია, რომ აზიურ რესტორნებში ასაქმებენ აზიიდან ჩამოსულ ადამიანებს, დამლაგებლიდან დაწყებული ყველა პოზიციაზე შეიძლება შეგხვდეს უცხოელი კადრი. თუმცა ხშირად დამლაგებელიც კი პრობლემაა. გამოაცხადებ, ვთქვათ 1500-ლარიან ვაკანსიას, ცოტა ხანში 1500-ლარიან ხელფასზე არავინ მოდის. გამოაცხადებ 2000 ლარიან ხელფასს, არ მოდის არავინ, შეიძლება 3000 ლარზეც ვიღაცამ გითხრას, როგორ უნდა ვიმუშაოო“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.