მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა ენერგო-პრო ჯორჯიას განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა? - სემეკის განმარტება

ენერგო პრო ჯორჯია

სემეკის წევრის გივი სანიკიძის განმარტებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ 5 წლის განმავლობაში ქსელის განვითარებაში განსახორციელებული ინვესტიცია, დაკავშირებულია ინვესტორის საკუთარ კაპიტალთან ან კომერციული ბანკებიდან მოზიდულ სესხებთან. საბოლოოდ კი კომპანიამ საინვესტიციო გეგმა წლიურად ₾100 მლნ-ით შეამცირა და წელიწადში ₾200 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ მან "საქმის კურსში" ისაუბრა.

საქართველოში ელექტროენერგია გაძვირდა - ახალი ტარიფები სემეკმა დღეს დაადგინა. ტარიფის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რისთვისაც კომპანიებმა სემეკს საინვესტიციო გეგმები წარუდგინეს. ენერგო-პრო ჯორჯიას შემთხვევაში პირვანდელი საინვესტიციო გეგმა დაკორექტირდა და წლიურად 300 მილიონი ლარის ნაცვლად 200 მილიონი ლარი იქნება.

კითხვაზე თუ რატომ შემცირდა დადგენილი საინვესტიციო მოცულობები "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის", სემეკში ამბობენ, რომ კომპანიას მზაობა საბოლოოდ ჯამში წლიურად 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჰქონდა.

"300 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსის მოზიდვასთანაა დაკავშირებული. კომპანიის წერილი, რომლის საფუძველზეც ჩვენ დროებითი ტარიფი დავადგინეთ, გამომდინარეობდა იქიდან, რომ კომპანიის თხოვნის საფუძველზე შესაძლებელი ყოფილიყო გადახედილიყო საინვესტიციო გეგმა. მთავარი მიზეზი იყო ის რესურსი, რომელიც უნდა მოეზიდა კომპანიას - ეს დაკავშირებულია ინვესტორის საკუთარ კაპიტალთან ან კომერციული ბანკებიდან მოზიდულ სესხებთან. საბოლოო ჯამში, კომპანიამ კორექტირებული გეგმით დაადასტურა, რომ ყოველწლიურად 200 მილიონ ლარს (რაც ტარიფში აისახება) განახორციელებს, პლუს დამატებით 43-43 მილიონ ლარს (რაც ტარიფზე ზეწოლას არ მოახდენს). ჯამში, 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ 129 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება”, - ამბობს გივი სანიკიძე.

სემეკის წევრი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფში წლიურად 200 მილიონი ლარის ასახვა მოხდა, ხოლო მიღმა ამისა კომპანია ყოველწლიურად 43 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ტარიფში არ აისახება.

“გადაწყვეტილება მიღებული იქნა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებით, რომელმაც უნდა განახორციელოს მინიმუმ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ყოველწლიურად, რაც ტარიფში აისახება. ჯამში ეს იქნება მილიარდ ლარამდე ინვესტიცია მომდევნო რეგულირების პერიოდზე. ასევე „თელასის“ ქსელში განხორციელდება 400 მილიონი ლარის ინვესტიცია შემდეგი 5 წლის განმავლობაში. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ტარიფზე.

ამ სამი თვის განმავლობაში, კონსულტაციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც საქართველოს მთავრობის დამსახურებაა: ეს ეხება დამატებით ინვესტიციას, რომელიც უნდა განახორციელოს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქსელში - ეს არის 3 წლის განმავლობაში 43 მილიონი ლარი ყოველწლიურად, რომელიც ტარიფში არ აისახება და რომელიც მოემსახურება ქსელის დამატებით გაჯანსაღებას. თავისთავად ცხადია, ეს ინვესტიციები მომხმარებლების კმაყოფილებაზე პირდაპირ აისახება", - განაცხადა სანიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები