მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა იანვარ-თებერვალში რუსეთში ღვინის ექსპორტი - "ასკანელის" შეფასება

ღვინო

ღვინის კომპანიებში ნაწილში აცხადებენ, რომ იანვარ-თებერვალში რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება ამ ბაზარზე არსებულ მარაგებს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 29.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,594 ტონა ღვინო გავიდა, რაც წლიურად 38.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელს პირველი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამ ბაზარზე ბოლო 2 თვეში კლება 55.3%-ია.

როგორც BMG-ის კომპანია „ასკანელში“ განუცხადეს, ექსპორტის კლების ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ, რუსეთის ბაზარზე შარშან 1 მაისიდან გაზრდილი აქციზის გადასახადია, რის გამოც გასულ პერიოდში იმპორტიორებმა მარაგები გააკეთეს.

კომპანიის დირექტორის, ირაკლი უგლავას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წლიურ ჭრილში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა დაფიქსირდება.

„შარშან 1 მაისიდან რუსეთში ღვინოზე აქციზი სამჯერ გაიზარდა და შარშანდელი გაყიდვების ძალიან დიდი ნაწილი მარტი-აპრილზე მოდიოდა. შესაძლოა, ესეც იყოს ექსპორტის შემცირების მიზეზი. ვინც თადარიგი დაიკავა შარშან, მათ იანვარ-თებერვალში დიდი რაოდენობით პროდუქცია გადატვირთეს, რადგან იცოდნენ, რომ აქციზი იზრდებოდა. აქედან გამომდინარე, წელს პირველი ოთხი თვის შედარება შარშანდელ მონაცემებთან ალოგიკური იქნება.

რუსეთში სამი მსხვილი პარტნიორი გვყავს და არსებულ ვარდნას ისინი გაყიდვების ნაკლებობას და მარაგების ქონას აბრალებენ. როგორც გვეუბნებიან, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებიან, როგორც მინიმუმ შარშანდელი შედეგის გამეორებას გვპირდებიან. ჩვენ წლიურ ჭრილში კლებას მაინც არ ველოდებით, პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მარტი-აპრილში ახალი შეკვეთები წამოვა“, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები