მაისში დასვენების დღეების სიუხვემ და ქვეყანაში არსებული არასტაბილურმა გარემომ გასულ თვეში ბინების რეალიზაციის შემცირება გამოიწვია, - ამის შესახებ გალტ & თაგარტი ყოველთვიურ მიმოხილვაში წერს.
2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა.
ამასთან ორგანიზაციის აზრით, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს, სავარაუდოდ, ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.
"ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ
ჭრილში თანდათანობით აღდგება", - წერს კვლევითი ორგანიზაცია.
ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15,920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა სრულად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის,
საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
რაც შეეხება, ფასებს, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.
2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა.