მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა მსოფლიოში ჭკვიანი საათების გაყიდვები?

ჭკვიანი საათები

გასულ წელს, ჭკვიანი საათების გაყიდვებმა მსოფლიოში წლიურად 7%-ით იკლო, რაც კლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა. როგორც Counterpoint Research-ის კვლევიდან ვიგებთ, ჭკვიანი საათების გაყიდვების კლება დიდწილად ბაზრის უდიდეს მოთამაშესთან, ამერიკულ Apple-თანაა დაკავშირებული, რომელსაც გასულ წელს ამ მიმართულებით დიდი სიახლე არ წარმოუდგენია. Apple-ის ჭკვიანი საათების პოპულარობის კლება ყველაზე ნათლად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩანს და დიდწილად პრემიული Ultra 3-ის არარსებობას და S10-სერიაში არსებულ მინიმალურ ცვლილებებს უკავშირდება.

ამერიკული კომპანიის დაღმასვლის ფონზე, ჭკვიანი საათების გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარება მცირედით შეიცვალა. დღეს, ბაზარზე ხუთი დიდი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებზეც ბაზრის 58% მოდის. 2024 წლის მონაცემებით, საბაზრო წილები ასე ნაწილდება: Apple — 22%, Huawei — 13%, Samsung — 9%, Xiaomi — 8% და Imoo — 6%. საინტერესოა, რომ 2023 წელთან შედარებით ბაზრის წილი მხოლოდ Apple-ის შემთხვევაში შემცირდა, რაც გაყიდვების 19%-იან კლებასთანაა დაკავშირებული.

როგორც ჩანს, ჭკვიანი საათების მომხმარებელმა სხვა კომპანიებისკენაც გაიხედა. ამ მხრივ გამოსარჩევია ჩინური Xiaomi, რომელმაც გაყიდვები წლიურად 135%-ით გაზარდა. Huawei-მ გაყიდვები 35%-ით გაზარდა, როცა საბავშვო ჭკვიანი საათების მწარმოებელი აგრეთვე ჩინური imoo-ს გაყიდვები 22%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ გასულ წელს, ჯამურად, მხოლოდ საბავშვო საათების სეგმენტი გაიზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ჩინურმა კომპანიებმა ტექნოლოგიურად დახუნძლული და, რაც მთავარია, ბიუჯეტური და ბავშვების და მათი მშობლების ინტერესებს მორგებული ჭკვიანი საათების გამოშვება დაიწყეს.

რაც შეეხება imoo-ს, ის Oppo-ს, Vivo-ს, Realme-ს და OnePlus-ის ბრენდების მფლობელი ჩინური ჰოლდინგის, BBK Electronics-ის შვილობილი ბრენდია. კომპანიის სათავო ოფისი ჩინეთში მდებარეობს, მაგრამ საათები მთელ მსოფლიოში იყიდება. კომპანიის მთავარი პროდუქტი საბავშვო ჭკვიანი საათია, რომლის ფუნქციონალის არჩევა მშობელს შეუძლია, ანუ სწორედ მშობელი განსაზღვრავს, თუ ვისთან და რა ტიპის კომუნიკაცია შეუძლია ჰქონდეს მის ბავშვს. ამ დროისთვის, ბაზარზე სამი მოდელია ხელმისაწვდომი — Z1, Z6 და Z7. ჭკვიანი საათი აღჭურვილია, როგორც ტელეფონით, ასევე კამერით და GPS-ით. საათების ფასი $140-დან $260-მდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები