გართობის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Netflix-ის აქციების ფასი 6%-ით, მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შემცირდა. დოკუმენტის თანახმად, ერთ აქციაზე გასაცემი სარგებლის მოცულობამ მხოლოდ $5.87 შეადგინა. ანალიტიკოსებს კი ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი $6.96-ს არ ჩამოსცდებოდა. ამასთან, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა კომპანიის ოპერაციული სარგებლის მოცულობა და მხოლოდ 28% შეადგინა. ეს მაშინ, როცა ეკონომისტები 31.5%-იან შედეგს ელოდნენ. ამის მიუხედავად, შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და $11.51 მილიარდი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, რამაც უარყოფითი კვარტალური შედეგი განაპირობა, ის ბრაზილიასთან, კერძოდ, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოსთანაა დაკავშირებული, რომელმაც Netflix-ს 619 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ამერიკული კომპანია მიღებული შემოსავლიდან სახელმწიფოსთვის გადასახდელ თანხას სრულფასოვნად არ იხდიდა და ოპერირებას სამართლებრივი დარღვევებით აგრძელებდა. სწორედ ამ მსხვილმა ჯარიმამ განაპირობა შემოსავლების შემცირება და შემდგომ, აქციების ფასის კლება.




























