ამერიკული სატრანსპორტო და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანმა კომპანია Uber-მა 2025 წლის ბოლო კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. არსებული ინფორმაციით, შემოსავალი $14.37 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს მცირედით აღემატება და 20%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს, როცა კომპანიის შემოსავალი $12 მილიარდი იყო.
თუმცა სერიოზული ჩავარდნა დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით. თუ 2024 წლის მე-4 კვარტალში Uber-მა ყველა სხვა ხარჯის გამოკლებით $6.88 მილიარდი მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი $296 მილიონამდე შემცირდა, რაც 95.74%-იანი შემცირებაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, Uber-ის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.5-ჯერ შემცირდა.
ამის გამომწვევ მთავარ მიზეზად ხელმძღვანელობა ორ ფაქტორს ასახელებს - პირველი, ეს იმ საგადასახადო შეღავათების გაუქმებაა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მსგავსი ტიპის კომპანიებს დაუწესა. $6.5 მილიარდის შეღავათმა კომპანიას არნახული კვარტალური შედეგის დაფიქსირების საშუალება მისცა, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ელექტრომობილების ინდუსტრიაში მყოფ ყველა კომპანიას შეღავათები გაუუქმა. მარტივად რომ ვთქვათ, რომ არა ბაიდენის პერიოდის შეღავათები, Uber-ის მოგება გასული წლის და ამ წლის კვარტალებში თითქმის იდენტური იქნებოდა. კომპანიის წმინდა მოგების კლება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ იმ ახალმა ფირმებმა, რომლებშიც Uber-მა ჯამურად $1.6 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, შედეგი ვერ გამოიღეს და კომპანიას შემოსავალი ვერ მოუტანეს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, Uber-ი მოგების ბუნებრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობამ კი $0.71 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს დაემთხვა და ინვესტორების უკმაყოფილება არ გამოუწვევია.
აღსანიშნავია, რომ Uber-ის, როგორც გადაადგილებისა და პროდუქტების მიწოდების პლატფორმის შედეგები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ არის გაზრდილი. ტაქსებისა და რობოტაქსების მიმართულებით ზრდა 19%-ია და $8.20 მილიარდი შეადგინა. ე.წ. დელივერის სერვისებიდან კი კომპანიამ $4.90 მილიარდი მიიღო და 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 30%-იანი ზრდა დააფიქსირა. აქვე უნდა ითქვას, რომ 18%-იანი მატება შეინიშნება მომხმარებლების რაოდენობის კუთხითაც. თუ წინა წლის ბოლო 3 თვეში Uber-ს 171 მილიონი მუდმივი კლიენტი ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 202 მილიონამდეა გაზრდილი.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაშიმ ავტოპილოტის მქონე ელექტრომობილებთან დაკავშირებულ გრძელვადიან სტრატეგიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანია 2029 წლისთვის რობოტაქსების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებას აპირებს. Uber-ის ხელმძღვანელმა წარადგინა ახალი ფინანსური დირექტორი ბალაჯი კრიშნამურთიც, რომელსაც არამარტო ამ კომპანიაში, არამედ სხვა ტექ-გიგანტებშიც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების ფონზე Uber-ის აქციების ფასი 5%-ით დაეცა, კაპიტალიზაცია კი $153.59 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა წინასწარი მოლოდინით, ეს ინვესტორების მაქსიმალური რეაქცია იყო და საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ კომპანიის აქციების ფასები მეტად აღარ დაიკლებს. ცნობისთვის, ამჟამად ის $73.92 დოლარად ივაჭრება.




























