მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სთხოვს ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელ ინვესტორებს დახმარებას?

სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტი და მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი სი ძინპინი პეკინში ამერიკელ ბიზნესლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, ინვესტორებს და აკადემიკოსებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: Blackstone-ის, FedEx-ის, Qualcomm-ის და სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები.

მართალია, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა მის მიზანთან დაკავშირებით ოფიციალური უწყება ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე ესაუბრა.

ექსპერტების შეფასებით, შეხვედრის მიზანი ქვეყნის მიმართ იმ მსხვილი ინვესტორების ინტერესის გაღვივება იყო, რომლებმაც ბოლო დროის განმავლობაში ალტერნატიული ბაზრების ძებნა დაიწყეს და ყურადღება სხვა ქვეყნებზე გადაიტანეს, მათ შორის, ინდოეთსა და იაპონიაზე.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, სი ძინპინმა ჩინეთის მასშტაბით გამკაცრებულ რეგულაციებზე და ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, ცვლილებები ინვესტორების დაცვას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, ამიტომ ამერიკულ კომპანიებს სანერვიულო არაფერი აქვთ, ისინი ისევ უპრობლემოდ შეძლებენ საქმიანობს გაგრძელებას.

კიდევ ერთი საკითხი FDI-ს მოცულობის შემცირებას უკავშირდებოდა. ძინპინის თქმით, ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც კოვიდპანდემიით და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებით იყო განპირობებული. მისი მტკიცებით, ჩინეთის ეკონომიკა ჯანსაღია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მომავალში აუცილებლად აღდგება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ჩინეთში იმყოფებოდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის დირექტორი ტიმ კუკი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. ზოგადად, Apple-ისთვის ჩინეთი კრიტიკული მნიშვნელობის ბაზარია, რადგან იქ 1.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და თან მათ შედარებით მაღალი მსყიდველობითი უნარი გამოარჩევთ.

ახლა კი მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ნაწილს რომ დავუბრუნდეთ. ბატონი ძინპინი ფრიად ოდიოზური პიროვნებაა, რომელსაც თავი ზოგჯერ ზეკაცი ჰგონია. აი, მაგალითად, როდესაც ის დონალდ ტრამპს შეხვდა, მან ამერიკის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის დრაკონის შთამომავალი იყო. გარდა იმისა, რომ ძინპინს თავი ღვთაებრივი წარმოშობის ჰგონია, ის საკუთარ სიბრძნეშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, სწორედ ამიტომ ჩინურ სკოლებში ბავშვებს ერთ უცნაურ წიგნს ასწავლიან, რომლის სახელწოდებაა „სი ძინპინის ნააზრევი“ და იქ სწორედ ჩინეთის პრეზიდენტის მოსაზრებებს, გამონათქვამებს და შეგონებებს შეხვდებით. როგორც ტრადიციულ ავტოკრატებს სჩვევიათ, ძინპინს სიამაყე და სიმკაცრეც გამოარჩევს, ის საჯაროდ იშვიათად საუბრობს და როდესაც ეს ნანატრი დღე დგება, იმ დროსაც ის მხოლოდ წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს, რათა ერთი ზედმეტი წინადადებაც კი არ წამოსცდეს და ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემსგავსოს.

ახლა კი ისევ საქმეზე რომ გადავიდეთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რა საჭირო იყო ძინპინის ასეთი ქება-დიდება? - პასუხსაც გეტყვით. საქმე ისაა, რომ დრაკონის შთამომავალს არ სჩვევია ვიღაცისთვის დახმარების თხოვნა, განსაკუთრებით თუ ეს ვიღაც ამერიკელია და თან ეს სათხოვარი ფულს უკავშირდება. ახლა ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრით ძინპინი საკუთარ პიროვნულ პრინციპებს ღალატობს და კონკურენტი სახელმწიფოს ინვესტორებს სთხოვს, თანხა ჩინეთის ეკონომიკაში დააბანდონ. თხოვნის გარდა, ის მათ არწმუნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ის უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც უკვე ძირგამოთხრილია, მალე ხუხულასავით არ ჩამოექცევათ თავზე.

დიახ, სწორედ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კაცი, რომელიც საკუთარ ნააზრევს წიგნებად ბეჭდავს და მთელ ქვეყანას ზეპირად ასწავლის. აქვე შეიძლება კიდევ ერთი ლოგიკური შეკითხვა დავსვათ, რატომ გადადგა ძინპინმა ეს უცნაური ნაბიჯი, მას ხომ შეეძლო ამ საქმეზე საგარეო საქმეთა ან ეკონომიკის მინისტრი გაეშვა? - ამ შეკითხვაზე პასუხი ისაა, რომ ინვესტორების თვალში, ძინპინის გარდა, ჩინეთში არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ამერიკელებს კარგად ესმით, რომ ამ აზიურ ქვეყანაში 1.5 მილიარდი ადამიანი მხოლოდ ერთ ადამიანს ემორჩილება და მათაც საუბარი პირდაპირ იმ ერთ ადამიანთან ურჩევნიათ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

მთელი ამ ამბის მოსმენისას, ალბათ, გაგიჩნდათ კიდევ ერთი შეკითხვა, თუ რატომ მივიდა ბატონი ძინპინი ამ მდგომარეობამდე? - ამ შეკითხვაზე კი ყველაზე მარტივად სტატისტიკა გვიპასუხებს. 2023 წელს ჩინეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 33 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. ეს დრამატული ვარდნა იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ქვეყანაში თანხის დაბანდება შეწყვიტეს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაიტანეს, ვიდრე შემოიტანეს.

ცხადია, FDI-ს შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჩინეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, პეკინმა კი საპასუხო ზომებიც მიიღო და ზოგიერთი საქონლის ექსპორტი შეზღუდა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ცხადია, ასეთ რისკებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ და ამიტომაც ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ჩინეთის მიმართ ინტერესი იკლებს. FDI-ს შემცირება, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება, რაც მმართველი კომუნისტური პარტიის მიზნებს ოცნებად დარჩენის რისკის წინაშე აყენებს.

სწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი რატომაც დაეშვა გაზეკაცებული ძინპინი მიწაზე.