მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სურს ჯეფ ბეზოსს მზის სისტემის კოლონიზაცია? – უმდიდრესი მეწარმის კოსმოსური ამბიციები

ჯეფ ბეზოსი - blue origin
სტატიაში საუბარია:

ცოტა ხნის წინ, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე გახდა, მან ქონების შეფასებით მის მთავარ კონკურენტს, ილონ მასკს გადაუსწრო. Bloomberg-ის გამოთვლებით, ბეზოსის ქონება ამჟამად 200 მილიარდ დოლარს აღწევს, მის მიერ დაფუძნებული Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარია.

როგორც წესი, ბეზოსს Amazon-ის დამფუძნებლის სახელით იცნობენ, რაც ნებისმიერი მეწარმისთვის საოცნებო წოდება იქნებოდა, თუმცა ბეზოსის პიროვნება სცდება ამ ტექნოლოგიური გიგანტის ფარგლებს და მას გაცილებით უფრო ამბიციური გეგმებიც აქვს.

ამერიკელი მეწარმე კიდევ ერთი საინტერესო კომპანიის, Blue Origin-ის დამფუძნებელია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, კოსმოსის კოლონიზაციას ისახავს მიზნად. დიახ, დიახ, წიგნების ელექტრონული მაღაზიის დამფუძნებელს ახლა უკვე პლანეტების დაპყრობა სურს და შესაძლოა, გამოუვიდეს კიდეც.

მართალია, Blue Origin-ს ფართო საზოგადოებაში ისე არ იცნობენ, როგორც ილონ მასკის SpaceX-ს, თუმცა მას სატრაბახოდ ნამდვილად აქვს საქმე, რადგან სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს პირველი კომპანია, რომელიც მთვარის კოლონიზაციის მიმართულებით ქმედით ნაბიჯს გადადგამს.

ცოტა ხნის წინ, ბეზოსმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა MIT-ის პროფესორთან, მეცნიერთან და ცნობილი პოდკასტის ავტორთან, ლექს ფრიდმანთან, რომლის ნაწყვეტს სწორედ დღეს გაგიზიარებთ.

დავიწყოთ სამომავლო ხედვით. ნეტავ, როგორ წარმოუდგენია ბეზოსს კაცობრიობის მომავალი ათასი წლის შემდეგ?

„ათასი წლის შემდეგ ვისურვებდი, რომ მზის სისტემაში ტრილიონობით ადამიანს ეცხოვრა. თუკი ტრილიონი ვიქნებოდით, მაშინ ათასობით მოცარტი და აინშტაინი გვეყოლებოდა, ამაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს? ჩვენი მზის სისტემა სიცოცხლით, ენერგიითა და ინტელექტით აღსავსე იქნებოდა. ამის თეორიული საშუალება კი ნამდვილად არსებობს, რადგან მზის სისტემაში არსებული რესურსების რაოდენობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჰომო საპიენსმა განვითარების ამ მასშტაბებს მიაღწიოს. ასეთ შედეგამდე მისაღწევად გიგანტური კოსმოსური სადგურები დაგვჭირდება, ე.წ. ხელოვნური პლანეტები, რადგან მზის სისტემაში არსებული პლანეტების რაოდენობა და მათ ზედაპირზე არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ტრილიონობით ადამიანმა უპრობლემოდ იცხოვროს, თუმცა ხელოვნური პლანეტის შემთხვევაში ეს პრობლემები მარტივად მოგვარდება.
ეს იდეა, შესაძლოა, ზედმეტად გიჟურად ჟღერდეს, თუმცა ის საღ აზრს მოკლებული არ არის. მოკლედ, ჩვენ მოგვიწევს მზის სისტემაში არსებული რესურსების ათვისება და მათი დახმარებით ისეთი კოსმოსური სადგურების შექმნა, რომლებზეც მილიონობით ადამიანი იცხოვრებს. მზის სისტემის კოლონიზაცია მე სწორედ ასე წარმომიდგენია, რადგან არსებული პლანეტების ტერაფორმირების გზა ზედმეტად რთულია და თან დანახარჯიანი“.

Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელი მზის სისტემის კოლონიზაციის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ჰომო საპიენსი დედამიწაზე ვერ გაჩერდება, რადგან ის რამდენიმე ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადაჭრა ამ პლანეტაზე უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ერთ ასეთ პრობლემად ბეზოსი ენერგიას ასახელებს, მეორე პრობლემად კი - ეკოლოგიას. ლექს ფრიდმანის შეკითხვაზე, ხომ შეიძლება ადამიანმა დედამიწაზე გააგრძელოს განვითარება? - ბეზოსი ასე პასუხობს:

„არა, საქმე ასე მარტივად არ არის. კაცობრიობას თუ განვითარება სურს, ის დედამიწაზე ვერ გაჩერდება, რადგან ამაში ხელს ერთი რამ შეგვიშლის - ენერგომოხმარება. მოგეხსენებათ, ცივილიზაციის განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგომოხმარების ზრდასთან, რაც უფრო განვითარდება ჰომო საპიენსი, მით უფრო მეტი ენერგია დასჭირდება მას. შესაბამისად, ერთ დროს აუცილებლად დადგება ის მომენტი, როცა დედამიწიდან მეტი ენერგიის მიღება შეუძლებელი იქნება და განვითარებისთვის პლანეტის დატოვება მოგვიწევს.

აქვე, კიდევ ერთ გარემოებაზე უნდა ვისაუბროთ. როცა ახსენებენ, რომ წარსულში ცხოვრება უკეთესი იყო, ეს არ უნდა დავიჯეროთ, რადგან დღევანდელ ცხოვრებაზე უკეთესი ჰომო საპიენსს არასოდეს ჰქონია. წარსულში არც მედიცინა იყო განვითარებული, არც ტექნოლოგიები და არც კომფორტთან გვქონდა შეხება. უფრო მეტიც, წარსულში ადამიანის ცხოვრება იმდენად რთული იყო, რომ ახლანდელთან შედარებით, ის ჯოჯოხეთურადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. ახლა ყველაფერი უკეთესია, გარდა ერთისა და ეს ერთი რამ არის დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა. ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც ადამიანმა მიაღწია, ეკოლოგიისთვის დამზიანებელი აღმოჩნდა და მომავალში მოგვიწევს, ან პროგრესი შევწყვიტოთ ან უკეთესი - მძიმე მრეწველობა და გარემოსათვის საზიანო პროცესები დედამიწას მოვაცილოთ ანუ ის კოსმოსში გადავიტანოთ აუთსორსზე. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ კოსმოსში ფოლადის საწარმოს გადატანა პლანეტისთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი. ამ გზით კაცობრიობა ისევ უპრობლემოდ მიიღებს საჭირო მასალებს, ამით კი დედამიწას ზიანი არ მიადგება.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, დედამიწაზე ღირებული ადამიანს არაფერი გააჩნია. ჩვენ კოსმოსში ბევრი დრონი გავგზავნეთ და მეზობელ გალაქტიკებსაც აქტიურად ვაკვირდებით, თუმცა ფაქტია, რომ ამ პლანეტაზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს, ეს არის ის საგანძური რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და მისი გადარჩენა ჩვენი, როგორც ცივილიზაციის, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ საწარმოო პროცესების კოსმოსში გადატანა პლანეტის გადარჩენის საუკეთესო საშუალება იქნება“.

ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული Blue Origin-ის ერთ-ერთი პროექტი მთვარის კოლონიზაციას უკავშირდება. შესაძლოა, ერთი შეხედვით, მთვარე უინტერესო ობიექტად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ მილიარდერ მეწარმეს მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ მთვარეს იმაზე გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„Blue Origin-ის მიზანი კოსმოსის კოლონიზაციაა, ჩვენთვის პირველი გაჩერება კი მთვარეა, რადგან ის ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან და თან რესურსებითაც საკმაოდ მდიდარია. მართალია, ადრე სჯეროდათ, რომ მთვარე უსულდგმულო თანამგზავრი იყო, თუმცა ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთვარეზე ისეთი რესურსებია, რომელთა დახმარებით კოლონიის მოწყობა შესაძლებელი იქნება.

საწყის ეტაპზე ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი, რომელიც მთვარეზე მაქსიმალურად დიდი მოცულობის ტვირთის წაღებას შეძლებს. ამის შემდეგ ისეთ სამგზავრო ხომალდს შევქმნით, რომელიც მთვარეზე ასტრონავტებს გადაიყვანს. მესამე ეტაპი კი ინდუსტრიული მასალების გადაზიდვა იქნება. შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რაში გვჭირდება ინდუსტრიული მასალები მთვარეზე და ამის პასუხი შემდეგია: ჩვენ მთვარეზე ქარხნის აშენება გვსურს, რომელიც მზის პანელების წარმოებას შეძლებს. მოგეხსენებათ, დედამიწიდან მთვარეზე მზის პანელების წაღება მარტივი არ იქნება, ამიტომაც მოვიფიქრეთ, რომ პანელები პირდაპირ მთვარეზე გვეწარმოებინა, იქ არსებული რესურსების დახმარებით. მთვარეზე დამზადებული მზის პანელების დახმარებით შეგეძლება ციური სხეული ელექტროენერგიით მოვამარაგოთ, ამ ენერგიას კი მთვარეზე არსებული მინერალების დასაშლელად გამოვიყენებთ, რათა ხელოვნურად ჩარევის გზით წყალბადი, ჟანგბადი და სხვა ელემენტები შევქმნათ. ეს იქნება პირველი ეტაპი, რომელსაც შემდეგ მოჰყვება ინდუსტრიული წარმოების განვითარება და მთვარეზე არსებული კოლონიის განვითარება. ზუსტად იგივე პრინციპით შეგიძლია მივუდგეთ სხვა პლანეტებს და ციურ სხეულებსაც“.

ცხადია, ლექს ფრიდმანი გვერდს ვერ აუვლიდა ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის კონკურენციის საკითხს. მან Blue Origin-ის დამფუძნებელს ჰკითხა, თუ როგორ განიხილავდა ის SpaceX-ს – კონკურენტად, მეტოქედ თუ პოტენციურ პარტნიორად?

„კოსმოსი ძალიან ჰგავს ინტერნეტს, როგორც ინტერნეტში ვხედავთ ასობით წარმატებულ კომპანიას, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და ამით უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნიან, სწორედ ასეთი ვითარება იქნება კოსმოსთან დაკავშირებითაც. ჩემი აზრით, კოსმოსში ერთი გამარჯვებული ვერ იარსებებს, მას ასობით და ათასობით კომპანია გაინაწილებს, თუმცა ეს მრავალფეროვნება კაცობრიობისთვის უკეთესის მომტანი იქნება, ვიდრე ერთი სახელმწიფოს ან კომპანიის სრული დომინაცია. რაც შეეხება SpaceX-ს, ეს არის გასაოცარი კომპანია, რომელიც უდიდეს ნაბიჯებს დგამს კაცობრიობის განვითარების მიმართულებით, ამიტომ ჩვენ მას მტრად ნამდვილად არ განვიხილავთ, პირიქით, ვაფასებთ SpaceX-ის მიღწევებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთად უფრო მეტს შევძლებთ.

რაც შეეხება ჩემი და ილონ მასკის ურთიერთობას, რომელიც ერთგვარად გასცდა დედამიწის ფარგლებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. მართალია, რამდენჯერმე გვისაუბრია, თუმცა აქტიური ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს და მის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ის გასაოცარი ლიდერია, რადგან ამ თვისების გარეშე Tesla-ს და SpaceX-ის შექმნას ის ვერ შეძლებდა, სწორედ ამიტომ მას დიდ პატივს ვცემ“.

აი, სწორედ ასე ხედავს პლანეტის უმდიდრესი მეწარმე მზის სისტემის კოლონიზაციის საკითხს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, მიაღწევს თუ არა Blue Origin-ი ისეთივე წარმატებას კოსმოსში, როგორიც ეს Amazon-მა დედამიწაზე შეძლო.