ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამის ფედერალურ სასამართლოში შემოსავლების სამსახურისა და სახაზინო დეპარტამენტის, იგივე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც წარდგენილი დოკუმენტში წერია, დასახელებულმა სააგენტოებმა არ გადადგეს საკმარისი ნაბიჯები, რათა მედიაში პრეზიდენტის საგადასახადო დოკუმენტაცია, როგორც გასაიდუმლოებული მონაცემები არ გაჟონილიყო. შტატების ლიდერის თქმით, მასალების გავრცელებამ სერიოზული და გამოუსწორებელი რეპუტაციული და ფინანსური საფრთხე შეუქმნა ტრამპის, რისთვისაც შესაბამისი კომპენსაცია 10 მილიარდი დოლარი იქნება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ჩარლზ ლითლჯონმა და მისმა ადმინისტრაციამ, შემდგომ კი სახაზინო დეპარტამენტმა ან განზრახ დაუშვეს ფაილების გაჟონვა, ან საკმარისი არ გააკეთეს ფაქტის აღსაკვეთად. შესაბამისად, სააგენტოები მომხდარში ნებისმიერ შემთხვევაში ითვლებიან დამნაშავედ.
რაც შეეხება კონკრეტულ გაჟონილ ინფორმაციას, რომლის გამოც პრეზიდენტის საკუთარ დეპარტამენტს უჩივის. საუბარია ამერიკულ გამოცემა The New York Times-ის მიერ, 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობის დაკავებამდე 15-20 წლის განმავლობაში არავითარ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა და ვალდებულებების გასტუმრებას თავს განზრახ არიდებდა. შემოსავლების სამსახურიდან გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით NYT ასევე წერდა, რომ პრეზიდენტობის მილიარდერმა კანდიდატმა 2016 წელს მხოლოდ $750 დოლარის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა და იგივე გაიმეორა 2017 წელსაც, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი სხვადასხვა სახის მანიპულაციით ცდილობდა საშემოსავლო გადასახადის მოცულობის მკვეთრად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ გამოცემას ტრამპის მიმართ ეჭვები პირველად 2016 წელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა ტრადიცია დაარღვია და საგადასახადო დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, ამერიკულ პოლიტიკაში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება კანდიდატების მიერ სახაზინო დეპარტამენტიდან მონაცემების საკუთარი ნებით გამოთხოვა და გასაჯაროება, რათა მან ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჩარლზ ლითლჯონი 5-წლიან სასჯელს უკვე იხდის შტატების ფედერალურ ციხეში. 2023 წელს მოსამართლემ განაჩინა, რომ მან არამარტო ტრამპის, არამედ ათასობით ამერიკელი ბიზნესმენის საგადასახადო დოკუმენტაცია მედიას პოლიტიკური ინტერესების გამო მიაწოდა. იურისტებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს დავა, რადგან პრეზიდენტის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ამერიკული პოლიტიკური თუ სამართლებრივი პრაქტიკისთვის უცხო შემთხვევაა. ამ მოცემულობით, ჩნდება კონფლიქტთა ინტერესი, რადგან ტრამპი მომჩივანი მხარეცაა და მოპასუხის ხელმძღვანელიც.




























