"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს აგებს და ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა გზით ცდილობს, - ასე აფასებს "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი "ოცნების" ლიდერების გუშინდელ განცხადებებს. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მმართველი პარტია არც ომს და არც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას მოერიდება.
"ვუსმინე ძალით შეკრებილი ხალხის მიტინგზე „ოცნების“ ხელმძღვანელების გამოსვლებს. ისინი ერთხმად აგინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მათ ღირებულებებს და თან ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელს აუცილებლად გავხდებით. ჩემი აზრით, თუ წელს დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში უკან დაახევინა, ჩვენ კი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ ცვლილებებს, ანუ იმ 9 პუნქტს შევასრულებთ და რაც მთავარია, სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, უკვე 2025 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი. აი, მაშინ ქვეყანაში დამკვიდრდება წელგამართული მშვიდობა, სამართლიანობა და გვექნება უსწრაფესი ეკონომიკური პროგრესი.
მაშ, რატომ უპირისპირდება „ოცნება“ დასავლეთს?! მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუნდაც ომის ფასად, ან ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარების ხარჯზე და ამ გზაზე, ამ რუსული კანონპროექტით, სურთ გაანადგურონ თავისუფალი აზრი საქართველოში. ამით დასავლეთს პირდაპირ ეუბნებიან - ჩვენ ვაპირებთ არჩევნების გაყალბებით დარჩენას ხელისუფლებაში და თქვენ, როგორც წარსულში, ახლაც უნდა გვაღიაროთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად. აი, მთელი გუშინდელი ღონისძიების არსი ერთ აბზაცში ჩაეტია.
იმედს ვიტოვებ, „ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს არ გააყალბებს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას და ლეგიტიმურ რევოლუციას, რისიც ძალიან ეშინიათ და რაზეც უკვე თავადვე ხმამაღლა საუბრობენ. იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე. ოქტომბრამდე კი სამუშაო ბევრია, ვემზადებით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის!" - წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ 29 აპრილს კონტრაქცია მოაწყო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეთა საპირწონედ.