პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პლანეტის უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის ურთიერთობა დაძაბულობის რთულ ფაზაში იმყოფება. უთხანხმობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის კრიტიკით შემოიფარგლებოდა, ახლა უკვე პიროვნულ დაპირისპირებად არის ტრანსფორმირებული, რომელიც ერთმანეთის ლანძღვაზე და შანტაჟზე გადის.
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკის საქმიანობის ვადა ამოიწურა, ყველასათვის ცხადი იყო, რომ მილიარდერები რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და ამას არც საჯაროდ უარყოფდნენ. როგორც ცნობილია, ტრამპის და მასკის დავის საგანი ახალ სამთავრობო ბიუჯეტია, რომელიც სამთავრობო დეფიციტის და ვალის ზრდას ითვალისწინებს, რაც ილონ მასკისათვის პრინციპულად მიუღებელია, რადგან მისი დეპარტამენტის მთავარი მიზანი ამერიკის სამთავრობო ვალის შემცირება იყო, რასაც ახალი ბიუჯეტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.
ამასთან ერთად, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ილონ მასკის გაცოფებას ის ფაქტი იწვევს, რომ ახალი ბიუჯეტით უქმდება ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებისათვის შექმნილი პროგრამები და სუბსიდიები, რომელთა მთავარი ბენეფიციარი სწორედ ილონ მასკის Tesla იყო. ტრამპის თქმით, ამ მიმართულებით სამთავრობო ბიუჯეტის შემცირებამ მასკის გაგიჟება გამოიწვია, რასაც შემდგომ სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვდა, რა დროსაც ტრამპმა თქვა, რომ ის ილონით იმედგაცრუებული იყო და მისგან ასეთ ღალატს არ მოელოდა.
მასკის თქმით, მისი მხარდაჭერის გარეშე, ტრამპი არჩევნებში დამარცხებოდა და სენატში უპირატესობას დემოკრატიული პარტია მოიპოვებდა, თუმცა ამას ახლა პრეზიდენტი სათანადოდ არ აფასებს, რაც მის უმადურობაზე მიუთითებს.
ცხადია, პლანეტის ყველაზე მდიდარი მეწარმის და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის საჯარო დაპირისპირებას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა.
ეპითეტების გაცვლის ფონზე, მასკის ქონების შეფასება 34 მილიარდი დოლარით შემცირდა. რაც შეეხება Tesla-ს, მისი აქციების შეფასება ერთ დღეში 14%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია 24 საათში 152 მილიარდით დაეცა. მართალია, მას შემდეგ ვითარება გამოსწორდა, მასკმა ბოდიშიც მოიხადა, თუმცა რეპუტაციული ლაქა არსად გამქრალა.
ასეთი დრამატული შედეგების მიუხედავად, მასკის და ტრამპის დაპირისპირება გასაკვირი არავისათვის არ ყოფილა, რადგან მათი პიროვნული უთანხოების შესახებ ცნობები უკვე დიდი ხანია მედიაში ცირკულირებს. გარკვეულწილად, მათი კამათი გარდაუვალი იყო, რაც მასკის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის დაცვა იყო, ვინაიდან, მასკის ჩარევის გარეშე, დიდი ალბათობით, რესპუბლიკური ადმაინისტრაცია SpaceX-თან კონტრაქტებს შეწყვეტდა და ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამას გააუქმებდა. ამ რისკის გაცნობიერების ფონზე, ჯერ კიდევ გასულ წელს, მასკმა ტრამპის მხარდაჭერა და მისი საარჩევნო კამპანიისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყოფა გადაწყვიტა. მილიარდერი მეწარმე ფიქრობდა, რომ ასეთი დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ტრამპი სუბსიდირების პროგრამას არ გააუქმებდა და მასკის კომპანიებს გამოწვევების წინაშე არ დააყენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, პლანეტის უმდიდრესი მეწარმე შეცდა, რადგან ტრამპმა არც მასკის წინასაარჩევნო დონაციებს სცა პატივი და არც მეგობრულ ურთიერთობას, ვინაიდან, მის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში სწორედ ის არის გაწერილი, რაც მასკს ყველაზე მეტად აშინებდა.
ექსპერტების შეფასებით, სამთავრობო მხარდაჭერის შეჩერების, სუბსიდირების პროგრამის გაუქმების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შეფერხების ფონზე, ამერიკის მასშტაბით Tesla-ს პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდება, რაც კომპანიის გრძელვადიან განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ამასთან, საჯარო დაპირისპირება ნეგატიურად იმოქმედებს ტრამპის რეიტინგზეც, რომელმაც მასკთან პარტნიორობით მილიონობით მხარდამჭერი მოიზიდა. დიდი ვარაუდით, მასკის თანამოაზრეები ტრამპის გუნდს განუდგებიან, რაც პრობლემას წარმოადგენს როგორც 47-ე პრეზიდენტისთვის, ასევე რესპუბლიკური პარტიისთვის, რომლის შიგნით, შესაძლოა, შიდა განხეთქილება დაიწყოს და ახალი ლიდერის წარმოშობის საჭიროება გაჩნდეს, რომელსაც არა მარტო პარტიის, არამედ მასკის ხარდაჭერაც ექნება, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, მასკს პოლიტიკური აზრის ფორმირებაში დიდი გავლენა აქვს და მას ნამდვილად შეუძლია მომდევნო არჩევნების კურსის შეცვლა.




























