ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს სამ თვეში გადაიბარებს. თუმცა მანამ, სანამ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობებისთვის შესაფერისი კადრების შერჩევა დაიწყო. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, დონალდ ტრამპმა რამდენიმე კრიტიკული სახელმწიფო როლი გამოყო, ესენია: თავდაცვის მდივანი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უსაფრთხოების მდივანი, მთავარი პროკურორი, CIA-ის დირექტორი და თეთრი სახლის მთავარი იურისტი.
შესაფერისი კადრების პოვნაში, როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპს Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჰოვარდ ლუტნიკი ეხმარება, რომელმაც ამ პროცესის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ახალ სამთავრობო კაბინეტში ისეთი ადამიანები შეიკრიბებიან, ვისთვისაც ტრადიციული ამერიკული ბიუროკრატია მიუღებელი იქნება. სახელმწიფო ხაზინის მმართველად დონალდ ტრამპს უოლ-სტრიტის გამოცდილების მქონე ადამიანის დანიშვნა სურს, ხოლო ვაჭრობის საკითხებში მრჩევლად ისეთი კადრი სჭირდება, რომელსაც ტარიფების პოლიტიკის ისევე სწამს, როგორც თავად ტრამპს. თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების მდივნებად კი პრეზიდენტს ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც მის არასტანდარტულ საიმიგრაციო და სამხედრო პოლიტიკას გაიზიარებენ.
საჯარო თანამდებობებზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომელიც ბოლო თვეებში დონალდ ტრამპის უდიდესი მხარდამჭერი გახდა. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ილონ მასკის მიერ რომელიმე დეპარტამენტის მდივნად დანიშვნა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების აუდიტის ჩატარების ხელმძღვანელობა. თავის დროზე, ეს იდეა თავად ილონ მასკს გაუჩნდა რომელიც ტრამპს გაუზიარა და მოაწონა. შედეგად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გაიმარჯვებს, ამ დავალებას აუცილებლად შეასრულებს და მის აღმსრულებლად ილონ მასკს დანიშნავს. მოგვიანებით, საკითხს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ერთი სული აქვს, შრომას შეუდგეს, რადგან ფედერალურ დონეზე ბევრი უსარგებლო რეგულაციაა, რომელიც გაუქმებას საჭიროებს.
მოირგებს თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კონკრეტულ როლს აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში, ამ დროისთვის უცნობია. შესაძლოა, ეს არც არასდროს მოხდეს, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობების შევსება დონალდ ტრამპს აუცილებლად მოუწევს. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ თანამდებობებს, რომლებზეც ერთგული ადამიანის ხილვა დონალდ ტრამპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
ვინ ჩაიბარებს აშშ-ის სახელმწიფო ხაზინას?
დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელად Goldman Sachs-ის ყოფილი აღმასრულებელი, სტივენ მნუხინი დაინიშნა. როგორც ჩანს, ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დონალდ ტრამპი ახლაც გამოცდილ ბანკირს დანიშნავს, რადგან ქვეყნის საუკეთესო ხაზინადარად დონალდ ტრამპს უოლ-სტრიტზე მუშაობის გამოცდილების მქონე მდიდარი ადამიანი ესახება. შედეგად, ჯანეტ იელენის შემცვლელად რამდენიმე პირი განიხილება, მათ შორის Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჰოვარდ ლუტნიკი და Key Square Group-ის დამფუძნებელი, სკოტ ბესენტი.
ვინ გახდება აშშ-ის მთავარი პროკურორი?
აშშ-ის მთავარი პროკურორი ის თანამდებობაა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში განსაკუთრებულ როლს მოირგებს. ისტორიულად ისე გამოდის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ყოველთვის ემთხვევა მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, მაგრამ მას შემდეგ, ვითარება დამძიმდა. შედეგად, ამ კრიტიკულ თანამდებობაზე ახალ პრეზიდენტს სჭირდება ადამიანი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს და დავალებებს აღასრულებს, მით უფრო, რომ დონალდ ტრამპი ღიად საუბრობს, როგორც საკუთარი ოპონენტების სამართლებრივ დასჯაზე, ასევე კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიშის მონაწილეების პატიებაზე.
აშშ-ის მთავარი პროკურორის პოსტზე, ამ დროისთვის, რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება. ჩამონათვალში მოხვდა შტატ იუტას სენატორი, მაიკ ლი, რომელიც, ერთ დროს, ტრამპს აკრიტიკებდა, მაგრამ მოგვიანებით მის ერთ-ერთ გულითად მხარდამჭერად იქცა. მთავარი პროკურორის როლი შეიძლება მოირგოს შტატ მისურის სენატორმა ერიკ შმიტმა, რომელმაც საკუთარ შტატში კონსერვატორული შეხედულებების მქონე ადამიანების ციფრული ცენზურის ბრალდებით ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამ მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის შესაძლო ადამიანად ასევე განიხილება ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი და შტატ ტეხასის ყოფილი კონგრესმენი, ჯონ რეტკლიფი.
ვინ გახდება CIA-ის დირექტორი?
დონალდ ტრამპისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოა, რომელსაც, თავის დროზე, მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნად დანიშნა, ხოლო მისი ადგილი CIA-ის სტაჟიანმა ოფიცერმა, ჯინა ჰასპელმა დაიკავა. თავად ჯინა ჰასპელი დონალდ ტრამპს გულზე დიდად არასდროს ეხატებოდა და მისი შეცვლა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს სურდა. იმ დროს, CIA-ის დირექტორის მოადგილედ დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილი კაშ პატელი განიხილებოდა, მაგრამ იმ დროს ეს ფარული როქირება არ შედგა.
კაშ პატელის კანდიდატურა ახლა CIA-ის დირექტორად განიხილება, მაგრამ მისი დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში მას არც თუ ისე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ამ თანამდებობაზე, შესაძლოა, ვიხილოთ რესპუბლიკელი კონგრესმენი და აშშ-ის ვეტერანი, მაიკლ ვოლცი, რომელიც, ბოლო დროს, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი გახდა. თუმცა ზემოხსენებულ ადამიანებთან ერთად, CIA-ის დირექტორად ასევე განიხილება შტატ ტეხასის ყოფილი კონგრესმენი, ჯონ რეტკლიფი, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი მთავარ პროკურორადაც ხედავს.
ვინ ჩაიბარებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს?
თუკი აშშ-ის მთავარი პროკურორის და CIA-ის დირექტორის თანამდებობებზე კონკრეტული ადამიანების დანიშვნა დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება, იმავეს ვერ ვიტყვით თავდაცვის მდივანზე. დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დროს თავდაცვა ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი იქნება, შესაბამისად დონალდ ტრამპს ამ პოსტზე ერთგული სამხედრო მენეჯერი დასჭირდება. თუმცა თავად ეს საკითხი მეტად პოლიტიზებულია, რადგან რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი, ისტორიულად, აშშ-ის ჯარის საერთაშორისო ექსპანსიას უჭერს მხარს, როცა ტრამპის მხარდამჭერებს და თავად ტრამპს, ამერიკის გლობალური სამხედრო ნაკვალევის შემცირება სურთ. დონალდ ტრამპს ჯარისკაცების ჩართვა ქვეყნის შიდა პროცესებშიც სურს, რაც ასევე მეტად პოლიტიკური საკითხია.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ამ დროისთვის, რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება. ჩამონათვალში მოხვდა დონალდ ტრამპის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მაგრამ ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას, სავარაუდოდ, არ უნდა ველოდოთ, რადგან სამხედრო პოლიტიკის კუთხით ის ტრადიციული შეხედულებების მქონე რესპუბლიკელების ჩამონათვალში ხვდება, რომელსაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება სურს. შედეგად, ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, რობერტ ო’ბრაიანს, ფლორიდის რესპუბლიკელ კონგრესმენს, მაიკლ ვოლცს და ნიუ-იორკის ყოფილ კონგრესმენს, ლი ზელდინს.
ვინ გახდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი?
ახალ თავდაცვის მდივნის მსგავსად, ბევრი საქმე ექნება იმ ადამიანსაც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს. დონალდ ტრამპის წინა საპრეზიდენტო ვადის დროს, პლანეტაზე განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარება იყო, კერძოდ რუსეთ-უკრაინის ომი, ისევე, როგორც HAMAS-ის წინააღმდეგ ისრალეში მიმდინარე ომი ჯერაც არ არსებობდა, ხოლო NATO-ში გაფართოებაზე არ ბჭობდნენ. შედეგად, აშშ-ის ახალ პირველ დიპლომატს ერთბაშად რამდენიმე კონფლიქტის მოგვარება მოუწევს, თანაც იმ თამაშის წესებით, რომელსაც მსოფლიო ლიდერებს დონალდ ტრამპი შესთავაზებს.
ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელსაც, ხშირად, აშშ-ის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო როლად მიიჩნევენ განიხილება, როგორც ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო, ასევე ტენესის სენატორი ბილ ჰაგერტი. ჩამონათვალში ასევე ვხვდებით რიჩარდ გრენელს — ადამიანს, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ეროვნულ უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ბიზნესსაქმიანობაში იყო ჩართული.
ვინ ჩაიბარებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს?
მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც, დიდწილად, ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების აშშ-დან ფაქტობრივ გაძევებას გულისხმობს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო. თავად ეს ხედვები სრულ თანხვედრაში მოდის უშუალოდ დონალდ ტრამპის იდეოლოგიასთან, მაგრამ მისი აღრსულების კონკრეტული გეგმა პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩეველს, სტეფენ მილერს ეკუთვნის — “აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი სადეპორტაციო პროგრამის” ავტორი სწორედ ის არის. როგორც სტეფენ მილერმა შარშან The New York Times-თან განაცხადა, ამ ამბიციური გეგმის აღსასრულებლად სამხედროების და პოლიციელების მასშტაბური მობილიზება, არალეგალი მიგრანტების დაკავება და სპეციალურ დროებით ბანაკებში მოთავსება იქნება საჭირო.
შედეგად, საჭირო იქნება ადამიანი, რომელიც ამ რთულ დავალებას აღასრულებს — ამ დროისთვის, ამ თანამდებობაზე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი, ტომას ჰომანი განიხილება, მაგრამ პროცესებში თავად სტეფან მილერიც იქნება ჩართული.