მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ დაიწყო “არქი“-მ რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა? - კომპანიის და რუსთავის საკრებულოს პასუხები

რუსთავი

დეველოპერული კომპანია „არქი“ რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსის 30 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავდა, მშენებლობის ვადა კი 4 წლით იყო განსაზღვრული. ამ დროისთვის "არქის" რუსთავში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. 

კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ პროექტის განხორციელების შეფერხების მიზეზებზე BMG tv-ის გადაცემა #წერტილში ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზეზი რუსთავის საკრებულოში 4-5 თვის წინ ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვის დროში გახანგრძლივებაა.

„რუსთავში პრობლემა საკრებულოსა და მერიაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებია.. ამიტომ საკრებულოში საკითხის გადაწყვეტა 6 თვეა ვერ ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ გეერგე რომ დამტკიცდეს საკრებულოს თანხმობა გვჭირდება. იმის გამო რომ სხვადასხვა პარტიული გადანაწილებაა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ... 6 თვეა ვცდილობთ უმარტივესი გეერგეს დამტკიცებას... განაცხადი გასული არის საკრებულოში, მაგრამ განხილვა არ მომხდარა. საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ოპოზიციური საკრებულო არ თანამშრომლობს მერიასთან. ეს არის პრობლემა. საკმაოდ დიდი პროექტი გვაქვს, 4-5 თვეა მზად ვართ... პროექტი გამზადებული გვაქვს და როგორც კი საკრებულო დაამტკიცებს ჩვენს საკითხს, მზად ვართ პროექტი დავიწყოთ“, - განაცხადა ილია წულაიამ.

როდის შევიდა განაცხადი რუსთავის საკრებულოში, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე 30 $მილიონიანი პროექტის განხილვა და როდის განიხილავენ საკითხს საკრებულოში - BM.GE-მ ამ კითხვებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ბერიძეს მიმართა. მისი ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში განაცხადი არა 4-5 თვის წინ, არამედ 10 მაისს შევიდა და განხილვის ვადები დარღვეული არ არის.

„აღნიშნულ პროექტზე განაცხადი საკრებულოში მიმდინარე წლის 10 მაისს შემოვიდა. მანამდე მერიაში ამ პროექტზე განაცხადი 2021 წლის აგვისტოში შევიდა. 2 წელი მზადდებოდა ეს დოკუმენტი მერიაში, ჩვენთან სულ 2 თვეა რაც შემოვიდა. ვადები გვაქვს და განიხილავს კომისია. შემოტანილ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნებია, რაზეც მერიასთან ვამოწმებთ ინფორმაციას. კომისია მერიიდან პასუხის მიღების შემდეგ განიხილავს განაცხადს“, - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ და დასძინა: „ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე შვებულებაშია, შეიძლება აგვისტოში ამის განხილვა ვერ მოესწროს და სექტემბერში განვიხილავთ“.

მისივე ინფორმაციით, რუსთავის საკრებულომ 2021 წელს 38 ათასი კვ.მ-ის ფართის მშენებლობაზე გასცა ნებართვები, 2022 წელს კი ეს რიცხვი 57 ათას კვ.მ-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები