მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ვითარდება ლიზინგი საქართველოში - აიეტ კუკავა მთავრობის უმოქმედობაზე

60083578f28d0
ინგა მურუსიძე
28.01.21 22:50
3617
ალიანს ჯგუფი ლიზინგი (AGL) პირველი არასაბანკო სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ფინანსურ, საოპერაციო და უკუ–ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, 2006 წელს დაარსების შემდეგ, მან უკვე დააფინანსა 40 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია. კომპანიის სალიზინგო მომსახურება თბილისის გარდა, ზუგდიდის რეგიონისთვისაცაა ხელმისაწვდომი და საქმიანობის რამდენიმე მიმართულება აქვს - კორპორატიული ფინანსური ლიზინგი, ექსპრეს მიკრო ლიზინგი, აგრო ლიზინგი და ავტო ლიზინგი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა აცხადებს, რომ სალიზინგო სფერო ქვეყანაში ვერ ვითარდება, რადგან შესაბამისი პირობები არ არის.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოში ლიზინგის კუთხით გარემო იმდენად ცუდია, რომ არც ერთი ინვესტორი შემოსვლით არ ინტერესდება. ამ მხრივ, მას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საკითხზე არაპროფესიონალი ექსპერტების მუშაობა მიაჩნია და ფიქრობს, რომ თუკი მთავრობას რაიმეს შეცვლა უნდა, აზრი პროფესიონალებს უნდა კითხონ.

აიეტ კუკავას ინფორმაციით, წელს უკვე მთავრობა ცვლილებების პირობას დებს, რისთვისაც ინგლისელი ექსპერტები არიან მოწვეული, თუმცა, განსაკუთრებული მოლოდინები მაინც არ აქვს და ამბობს, რომ „მთავრობას ან არ უნდა, ან არ ესმის, ან ორივე ერთად არის, მათ არ უნდათ ამ დარგის განვითარება“.

„ირგვლივ, ყველა ქვეყანაში ლიზინგი განვითარდა, მაგრამ საქართველოში - ვერა. მთავარი პრობლემა ის, არის, რომ მთავრობა იყენებს იმ ადგილობრივ ექსპერტებს, ვისაც სალიზინგო კომპანიაში ცხოვრებაში არ უმუშავია და წარმოდგენა არ აქვს რა არის ლიზინგი. ესენი რამეს შექმნიან? ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მთავრობას რამის გაუმჯობესება შეუძლია. მთელ მსოფლიოში ვითარდება ლიზინგი, კრიზისის დროს ყველაზე ნაკლებ რისკიან ფინანსურ ინსტიტუტად ითვლება ლიზინგი და ყველაზე ელიტარულ ფინანსურ საქმიანობად, საქართველოში კი არის მიფუჩეჩებული და არც ერთ ინვესტორს არ აინტერესებს ამ დარგში შემოსვლა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

აიეტ კუკავას თქმით, ბოლო წლებში ლიზინგის სფეროს განვითარების მცდელობა შესამჩნევია, თუმცა, ეს მისი მოსაზრებით, რეალურად გამოწვეულია არა ლიზინგის დარგის განვითარების ინტერესით, არამედ ეროვნული ბანკის შიშით მიკროსაფინანსო მოთამაშეები არ გადავიდნენ ლიზინგის დარგში, მიკროსაფინანსოებისთვის გამკაცრებული რეგულაციების გამო.

მარტივი შედარება: 2006 წლიდან დღემდე 14 წელია ლიზინგის დარგში ვართ მხოლოდ სამი კომპანია, სალიზინგო კომპანია „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ და 2 საბანკო-სალიზინგო კომპანია. ამავე დროს, 2005 წლიდან 2014 წლამდე 200 მიკროსაფინანსო კომპანია შეიქმნა. ანუ ლიზინგის დარგის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის არცერთ მთავრობას არ ესმოდა, დახმარების მაგიერ, რეგულაციებით ხელს უშლიდნენ განვითარებას, და დღეს ისედაც განუვითარებელ დარგში აქვთ მცდელობა უფრო გაართულონ ოპერირება.

ფაქტია, რომ ლიზინგის დარგის ექსპერტები საქართველოში მხოლოდ ამ სამ კომპანიაშია, თუმცა ამ ახალი სტრატეგიის შემუშავებისას კომპანიის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში ფიქტიურად არიან, როგორც იყო ამ წლების განმავლობაში, მათ აზრს მხედველობაში არც იღებენ. ყველაფერი ეროვნული ბანკის წარმომადგენლების კარნახით მიდის. შესაბამისად მოლოდინი, რომ ლიზინგის დარგისთვის რაიმე ღირებული გაკეთდეს, არ გვაქვს“, - ამბობს კუკავა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სალიზინგო კომპანიები უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ის რამდენიმე ცვლილების აუცილებლობას ხედავს:

"ლიზინგის კომპანიები ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით დამწყებ კომპანიებსაც აფინანსებენ. ასევე ითვლება, რომ თუ ლიზინგის დარგი იზრდება ეს პირდაპირპროპორციულად, დადებით გავლენას ახდენის ეკონომიკის ზრდაზე, როცა ეს მიკროსაფინანსოებისა და ბანკების შემთხვევაში ასე არ არის (ამით მათ როლს კი არ ვაკნინებთ, არამედ ხაზს ვუსვამთ ეკონომიკაში ლიზინგის დარგის მნიშვნელობაზე):

ანუ, ინვესტორმა რომ დარგში ინვესტირება განახორციელოს თუნდაც 1 მილიონი ლარის, მან უნდა შესძლოს ამ ინვესტიციით მოიზიდოს დამატებითი სესხები და საკუთარი კაპიტალით შექმნილი პორტფელი მინიმუმ გააოთხმაგოს, რაც დღევანდელ პირობებში წარმოუდგენელია (თუკი საბანკო ჯგუფის შვილობილი კომპანია არაა).

პარალელურად, საჭიროა სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით დღგ-ს ან დროებითი გაუქმება აგრო სფეროში, ან განაკვეთის შემცირება:

სოფლის მეურნეობის განვითარება ლიზინგის დარგს ყველა დარგზე უფრო ეფექტიანად შეუძლია, რაც გადაჭრიდა შემდეგ დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს, 1. შეამცირებდა ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე. 2. შესაბამისად იმპორტის ჩანაცვლებით ვალუტის გადინებას შეამცირებდა და სავაჭრო ბალანსს გააუმჯობესებდა, ლარის კურსზეც უფრო ნაკლები წნეხი იქნებოდა. 3. დასაქმებაში და სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებას გაზრდიდა და ადგილობრივი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინებას შეამცირებდა. 4. რაც თავისთავად რეგიონებს გააძლიერებდა და 5. სოფლის მეურნეობის გაძლიერებით ექსპორტის ზრდას შეუწყობდა ხელს.

ამას გარდა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ლიზინგის სხვადასხვა პროდუქტები, რაც თავისთავად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდის".

აიეტ კუკავა bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობაში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ქვეყანაში ბევრი არაფერი შეიცვლება, ვიდრე მთავრობის არსებული გუნდი არ შეიცვლება და ბიზნესმენებს აზრს არ შეეკითხებიან.

„უკვე არაერთი წელია მთავრობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ლიზინგის კუთხით ნაბიჯებია გადასადგმელი. გასულ წელს მთავრობას ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, თუ არ გააუმჯობესებდნენ გარემოს ლიზინგის კუთხით. არჩევნების გამო გავჩერდით კიდეც, მხოლოდ არსებულ პორტფელს ვმართავდით და ახალი კლიენტების მოზიდვისგან დროებით თავი შევიკავეთ, რადგან არჩევნების დროს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ტენდერებს იგებენ „ქართული ოცნებასთან“ „ჩახუტებული“ კომპანიები. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ ტენდერები არის ტენდეციური და "ოცნება" კომპანიებს ჰპირდებოდა, რომ თუ არჩევნებს მოაგებინებდნენ, ტენდერებში გაამარჯვებინებდნენ. ზოგიერთი ჩვენს კლიენტს, რომლებმაც ტენდერები წააგეს, დანადგარები ჩამოვართვით, მერე მათი გაყიდვა ჭირს, ამიტომ ახლა იძულების წესით მათ ვაძლევთ შანსს, არ ვართმევთ ტექნიკას, შემოსავალი არ აქვთ, თუმცა არც კოტრდებიან“, - განაცხადა აიეტ კუკავამ.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რომელი კომპანიები სდებენ ბრალს მთავრობას კორუფციაში, ვინაიდან ბრალდებები სერიოზულია, აიეტ კუკავა მათი დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიების სურვილის შემთხვევაში მათ ჩვენთან დააკავშირებს.

ამასთან, მან სხვა ბიზნესების და პანდემიის დროს მათ მუშაობაზეც ისაუბრა. აიეტ კუკავას თქმით, ალიანს ჯგუფი რამდენიმე კომპანიას მოიცავს, bia.ge, სკოლა და ა.შ., რომლებიც პანდემიის პირობებში ჩვეულებრივ ფუნქციონირებენ და მოთხოვნაც არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები