„პრობლემა არის არა ფასის სიდიდეში იმდენად, რამდენადაც სარგებლის მოლოდინში, რომელმაც ეს ფასი უნდა გადაწონოს, ამიტომ გამონათქვამები, რომ ჩვენ ბელორუსი არ ვართ, ან რუსეთი, მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობაა და ილუზიებში ცხოვრება. ადამიანი ადამიანია და ბუნების კანონები ყველგან ერთნაირად მუშაობს“, - ეკონომისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც უწყვეტი პროტესტის შედეგებს და პერსპექტივას მოთხოვნა-მიწოდების პრიზმიდან აანალიზებს. ეკონომისტს მიაჩნია, რომ ადამიანები მოქმედებას მაშინ იწყებენ, როცა მოსალოდნელი სარგებელი გაღებულ ფასს [რისკს, ზიანს] გადაფარავს. მისივე შეფასებით, საზოგადოებაში უკმაყოფილება არ გამქრალა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი პროტესტის გააქტიურებისთვის. ეკონომისტს მიაჩნია, რომ საჭიროა ფასისა და სარგებლის გარდამტეხი ბალანსი, ნდობა და ისეთი „მიწოდების“ შექმნა, რაც დაარწმუნებს ადამიანებს, რომ "ფასის" გადახდა ღირს.
ეკონომისტის facebook-პოსტს, რაზეც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილშიც“ ისაუბრა, უცვლელად გთავაზობთ:
პოსტი გრძელია. მოკლედ ვერ ვიტყვი. თუ ბოლომდე წაიკითხავთ, დავიჯერებ, რომ სიტყვა „ბოლომდე“, მოქმედებითაც არის ბოლომდე.
მე ეკონომისტი ვარ და ეკონომიკის ფილოსოფიის ჭრილში შევეცდები ვუპასუხო შემდეგ შეკითხვებს.
- რატომ არ გამოდის ბევრი ადამიანი რუსთაველზე ყოველდღე?
- რატომ არის იმის შანსიც, რომ აქტიური პროტესტი სრულიად შეწყდეს?
- რატომ მცირდება ადამიანების რაოდენობა თანდათანობით წინასწარ დაორგანიზებულ მარშებზე?
- რა იწვევს სპონტანურ რევოლუციებს. რამდენად არის იგი მოსალოდნელი. რა რისკებთანაა დაკავშირებული და რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამას?
- რატომ ვერ ვცვლით ხელისუფლებას?
დავიწყოთ:
არსებობს ბუნების კანონები, რომელიც მოქმედებს მიუხედავად იმისა, აღიარებს მათ ვინმე თუ არა (მაგალითად, დედამიწის მიზიდულობის ძალა). ადამიანის ქცევის ბუნებასაც მართავს ბუნების კანონები, რომელთაც ბევრ მეცნიერებებს შორის შეისწავლის ეკონომიკაც. როდესაც ბუნების კანონებს უგულებელვყოფთ, ვცხოვრობთ მითებსა და ილუზიურ წარმოდგენებში.
გვინდა თუ არ გვინდა, თითოეულ ჩვენგანს მუდმივად გვიწევს არჩევანის გაკეთება. ზოგი ეხება ყოველდღიურ რუტინას, ზოგი - ახლო მომავალს და ზოგი - შორეულ პერსპექტივას. თავად არჩევანი ნიშნავს რაიმეს დათმობას რაღაცის სანაცვლოდ. რაიმეს დათმობა იგივეა, რაც მსხვერპლის გაღება. მსხვერპლის ზომას განსაზღვრას ფასი, რომლის გადახდაც გვიწევს. ფასი სუბიექტური კატეგორიაა და თითოეული ადამიანი აყალიბებს მას იმის მიხედვით, თუ რამდენად უღირს ეს მას ამად. ფასის გაღება წარმოშობს კონკრეტულ ქმედებას, რამაც მომავალში უნდა მოიტანოს სარგებელი. მომავალი უცნობია და არაპროგნოზირებადი, ამიტომ ნებისმიერ არჩევანს თან სდევს რისკი. ცხად გარემოში, რისკი დაბალია, მაგრამ არაცხად გარემოში, რისკი ბევრად მაღალია.
ამიტომ ადამიანები მომავალ შედეგს ვზომავთ (ქვეცნობიერად) მოსალოდნელი სარგებლის სიდიდით, რაც შედგება ორი ცვლადისგან: თავად სარგებლის სიდიდე და რისკის ზომა. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო მაღალია რისკის ზომა. რაც უფრო დიდია რისკის ზომა, მით უფრო მცირეა მოსალოდნელი სარგებლის სიდიდე. სასწორი რომ კონკრეტული არჩევანის სასარგებლოდ გადაიხაროს (და ეს ინდივიდუალურია), მოსალოდნელმა სარგებელმა უნდა გადააჭარბოს გაღებული მსხვერპლის სიდიდეს (გადახდილ ფასს). თუ ვერ ვხედავ გზას, რომელიც „ტაძართან მიდის“, მაშინ ვამბობ - „რა საჭიროა იგი“? ხელისუფლების ცვლილების ამოცანა მოითხოვს ქმედებას, რომელიც დიდ რისკთან ასოცირდება. მაგალითად, სარგებლის მაღალი მოლოდინი განიჭებს მოტივაციას, ძალას და საკუთარ თავში დარწმუნებული წყვეტ, რომ „ეს ამად ღირს“ და იწყებ მოქმედებას. ასეთია ადამიანის ქცევის ბუნება.
ჩვენ გვსურს, რომ ყოველდღიურად რუსთაველზე ვიყოთ ბევრნი. რამდენი ადამიანი ვართ ჩვენ?! გავამარტივოთ პრობლემა. ვთქვათ, „ჩვენ“ საზოგადოების უმრავლესობას წარმოვადგენთ. საკმარისია ეს ამბავი იმისათვის, რომ ყოველდღიურად რუსთაველზე ვიყოთ ბევრნი?! ცხადია არა, რადგან მხოლოდ გაცნობიერება იმის, რომ ეს საჭიროა და აუცილებელი, არ ნიშნავს, რომ ეს არის მოთხოვნა. მანამდე, სანამ არ ვიხდი საფასურს (არ გავიღებ მსხვერპლს), მაქვს მოთხოვნილება, მაგრამ არ ვქმნი მოთხოვნას და ამას 2 მიზეზი განაპირობებს:
(1) ჩემს სუბიექტურ პრეფერენციათა შკალაში, მაღალი მოსალოდნელი ზიანი/ტკივილი აღემატება სარგებლის მოლოდინს (თუ სარგებლის ხდომილების ალბათობა ნოლთან ახლოს სიდიდეა, მოსალოდნელი სარგებელიც ნულია და ხარჯი წონის სარგებელს, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს თავად სარგებლის სიდიდე);
(2) სარგებელს მაინც მივიღებ თუ ხარჯებს არ გავიღებ (მტვერსასრუტი ვერ მექნება თუ მასში ფასი არ გადაიხადე და ეს კერძო სიკეთეა, მაგრამ რუსთაველზე მაინც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს, თუ მასში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ეს საზოგადოებრივი სიკეთეა).
პირველი მიზეზის გასაცნობიერებლად მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ ყალიბდება მოთხოვნა პოლიტიკურ ბაზარზე.
საზოგადოებრივ ჯგუფს ქმნის ყველა ის ადამიანი, რომელიც იზიარებს იდეას და ხედავს კონკრეტული ქმედების განხორციელების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, მზადაა, რომ ფასიც გადაიხადოს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, პრეფერენციები ინდივიდუალურია და ადამიანების მექანიკური აგრეგირება შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ სერვისის შესყიდვის მსურველთა რაოდენობების დაჯამება ერთ კონკრეტულ ფასზე (მაგალითად, როდესაც ფასი 2 ლარია, 10 ერთეული იყიდება. 3 ლარად 8 ერთეული და ა.შ.). ასეთ ჰიპოთეტურ აგრეგირებას მივყავართ კანონზომიერებასთან, რომლის მიხედვით, დაბალ ფასს შეესაბამება ადამიანთა დიდი ჯგუფი (მოთხოვნის დიდი რაოდენობა) და პირიქით. ესაა საბაზრო მოთხოვნა, მაგრამ უფრო გასაგებ ენაზე, დავარქვათ საზოგადოებრივი მოთხოვნა. მაშასადამე, ვინაიდან დავუშვით, რომ უმრავლესობა ვართ,
- საზოგადოებრივი დაკვეთა ვუწოდოთ ხელისუფლების ცვლილების დაუოკებელ წყურვილს და ეს მოთხოვნილებაა;
- ხოლო საზოგადოებრივი მოთხოვნა ვუწოდოთ კავშირს (ფუნქციას) მოთხოვნის რაოდენობასა და ფასს შორის.
ადამიანთა დიდი ნაწილი არაა ჩართული ყოველდღიურ პროტესტში (არ გამოდის რუსთაველზე), რადგან ფასი ძალზე მაღალია, მაგრამ სარგებლის მოლოდინი ძალზე დაბალი (რადგან, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლების ცვლილება ბევრს უნდა (საზოგადოებრივი დაკვეთა), მაგრამ ხდომილების ალბათობაა ძალზე დაბალი). მაღალი ფასის კატეგორიაში მხოლოდ ძალზე გაბედული ადამიანები ჯგუფდებიან. რამდენიც არ უნდა მოვუწოდოთ, ან როგორც არ უნდა დავამუნათოთ და გაბედულების რამდენი მაგალითიც არ უნდა ვაჩვენოთ სხვებს, ვერ მოვიზიდავთ ბევრ ადამიანს სხვა საფასო კატეგორიიდან, რადგან მოთხოვნის კანონი მოქმედებს და ის ვერ დაირღვევა. იმისათვის, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს, სარგებლის მოლოდინი უნდა გაიზარდოს ან/და ფასი უნდა შემცირდეს (ამაზე ქვემოთ).
(ბ) ვთქვათ ხედავთ, რომ ხელისუფლება უფსკრულისკენ მიგაქანებთ და ხვდებით, რომ ყველა უკმაყოფილო ადამიანმა უნდა მიიღოს პროტესტში მონაწილეობა. ხვდებით, რომ პროტესტის გარეშე, უფსკრული გარდაუვალია. მაშინ, რატომ არ მონაწილეობთ პროტესტში? საქმე ისაა, რომ ყველას გვსურს, ნივთის დაბალ ფასად შეძენა. მოთხოვნის კანონი დომინირებს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ;
თუმცა გაბედული ჯგუფისთვის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ფასის ზრდა კი ამცირებს მოთხოვნის რაოდენობას. შეუპოვრობა, გულანთებულობა, ბრძოლისუნარიანობა ქმნის იმედს, მაგრამ მოთხოვნის კანონს ვერაფერს უზამ.
შესაძლოა, რაოდენობა თანდათანობით შემცირდეს და გაქრეს. ეს იცის ხელისუფლებამ და მოუთმენლად ელოდება. არადა, მეტი ადამიანი თუ ჩაერთვება, აქტიურ მონაწილეებს ფასი ავტომატურად შეუმცირდებათ. სამაგიეროდ, ფასი გაეზრდება პასიურ მონაწილეს, რომელთაც არ უღირთ ფასის გადახდა (დაბალი სარგებლის მოლოდინის გამო). რომ დავაზუსტოთ, მხოლოდ შიში (მაღალი ფასი) კი არა მიზეზი, რის გამოც ხალხი არ გამოდის ქუჩაში, არამედ უფრო იმიტომ არ გამოდის, რომ ვერ ხედავს სინათლეს გვირაბის ბოლოს (ვერ წონის სარგებლის მოლოდინი ხარჯს).
პრობლემა არის არა ფასის სიდიდეში იმდენად, რამდენადაც სარგებლის მოლოდინში, რომელმაც ეს ფასი უნდა გადაწონოს. ამიტომ, გამონათქვამები, რომ ჩვენ ბელორუსი არა ვართ, ან რუსეთი, მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობაა და ილუზიებში ცხოვრება. ადამიანი ადამიანია და ბუნების კანონები ყველგან ერთნაირად მუშაობს.
აღნიშნული სურათი უიმედობის განცდას ქმნის და სწორედ აქ ვუშვებთ დიდ შეცდომას. ვფიქრობთ, რომ თითქოს ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც ცვლილების „ერთი ადგილი“ არა აქვს. პრობლემა კი ისაა, რომ მოვლენებს მხოლოდ საზოგადოებრივი დაკვეთის (საზოგადოებრივი მოთხოვნისაც კი არა) ჭრილში განვიხილავთ და გვავიწყდება, რომ ამ პროცესს ჰყავს კიდევ ერთი მოთამაშე და ესაა მიწოდების ძალა, რომელმაც უნდა დაამზადოს ის პროდუქტი/სერვისი, რომელიც (ა) გაზრდის მოსალოდნელ სარგებელს და (ბ) შექმნის მექანიზმს, რომელშიც უბილეთო მგზავრის რისკი შემცირდება.
ცხადია, ერთი მხრივ, ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, ცალსახად არაა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა.
მიწოდებამ უნდა შექმნას სარგებლის მაღალი მოლოდინი.
მიწოდებას ქმნის:
(ა) სწორი პროდუქტი; (ბ) მიმწოდებლის რეპუტაცია; (გ) რისკის აღება პროცესზე. ორი შეთავაზებაა სულ და ყველა იცნობს მათ: ხელისუფლების არჩევნების ან რევოლუციის გზით შეცვლა. როდესაც არჩევნების გზით, საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა არ რეალიზდება და უფრო მეტიც, შეუძლებელი ხდება, რომ რეალიზდეს, მეორე არჩევანია რევოლუცია.
შეუძლებელი ხდება, რომ რეალიზდეს - წარმოადგენს მდგომარეობას, რომელშიც როგორი უპირატესობითაც არ უნდა შეძლოს არჩევნების მოგება ხელისუფლების ცვლილების მომხრეთა საზოგადოებამ, საზოგადოებრივი დაკვეთა ვერ რეალიზდება. მოქმედებს პრინციპი: არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის.
რევოლუცია - მსურს განვიხილო 2 ურთიერთგანსხვავებული პროცესი. პირველი პროცესი: თუ რევოლუციის ქვეშ ვგულისხმობთ გაბრაზებული ადამიანების დიდ რაოდენობას, რომლებიც აფექტური, გაუაზრებელი, არარაციონალური და სპონტანური მოქმედებების გზით (მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულებებში შევარდნა) ხელში იგდებენ ხელისუფლებას, ასეთ პროცესს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუცია. მსოფლიო ისტორიას მრავალი ასეთი რევოლუცია ახსოვს, თუმცა ასეთ რევოლუციას არ სჭირდება მიწოდების შექმნა, რადგან თავად ხელისუფლება ქმნის მიწოდებას. ესაა მდგომარეობა, როდესაც მოსალოდნელ სარგებელში, ალბათობის სიდიდეს მნიშვნელობა აღარა აქვს. სხვა სიტყვებით, რაციონალიზმი ქრება, რადგან უბრალოდ, “გეკეტება“.
ეკონომიკურ ჭრილში, დაღმავალი მოთხოვნის მრუდი (ფასი რაოდენობის მიმართ) ვერტიკალური (სრულიად არაელასტიური) ხდება, ხოლო ხელისუფლება ირჩევს მიწოდებას (გაიჩალიჩებს) მოთხოვნის მრუდის კონკრეტულ წერტილში. მოთხოვნა-მიწოდების თანხვედრის წერტილს ვუწოდოთ წონასწორობის ფასი, რომლის სიდიდეც მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული (რა მომენტში დაიხევს უკან, რადგან მათ, ვისაც „გადაეკეტათ“, მზად არიან ნებისმიერი ფასის გადასახდელად).
პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ ეს სპონტანურია, ამის დაგეგმვა შეუძლებელია და ცხადია, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ასეთი რევოლუციები, ჯერ ერთი, ძალზე სახიფათოა და მეორე, დიდი ალბათობით, ვერ გადის მთავარ შედეგზე. ვერ ვამკვიდრებთ მომავალში დემოკრატიას, რაც არის ევროპული ფასეულობა და ხელახლა ვიწყებთ დიქტატურის მშენებლობას. თუ პოლიტიკოსების ამოცანას წარმოადგენს, რომ მოვლენები ასეთი სცენარით უნდა განვითარდეს, ყველას ვურჩევ, რომ მათგან თავი შორს დაიჭიროს. ხოლო ალბათობა, რომ ხელისუფლება თავად შექმნის ასეთ მიწოდებას მოკლე დროში, ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ გამორიცხული არაა.
როგორ ქმნის ხელისუფლება მიწოდებას? - მაგალითად, სასამართლო სხდომებზე, უსამართლოდ დაკავებული კარგი ადამიანები ამბობენ, რომ პროცესების ორგანიზატორი კობახიძე იყო. ეკონომიკურ ჭრილში, ამ ფენომენს ხსნის ზღვრული სარგებლის (marginal utility) და ზღვრული დანახარჯის (marginal cost) კონცეფცია. მათემატიკურად, ესაა ერთი მხრივ, სარგებლის და მეორე მხრივ, დანახარჯის ფუნქციის წარმოებული.
როგორც მოსალოდნელი სარგებელი, მოსალოდნელი დანახარჯიც შედგება 2 ცვლადისგან. ესენია, ზიანის მასშტაბი და ზიანის რისკი. რაც უფრო დიდია ზიანის რისკი (მაგალითად, დაჭერის ალბათობა გაწეული ძალისხმევის შედეგად) და ზიანის სიდიდე (თავად დაჭერის ფაქტი), მით უფრო მაღალია დანახარჯიც. ზღვრული დანახარჯი ნიშნავს, თუ რა სიდიდით შეცვლის დანახარჯის ოდენობას ცვლილების ეფექტი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების ნაბიჯს (რუსული კანონის შემოტანა, ნოემბრის მოვლენები). რაც უფრო დიდია ცვლილების ეფექტი (თვისობრივად), მით უფრო მეტად იზრდება საფრთხის (და მათ შორის ეგზისტენციალურის) შეგრძნება. ნორმალურ გარემოში, ადამიანი არის რისკის არამოყვარული (risk averse), მაგრამ ცვლილების ეფექტმა შესაძლოა ისე გაზარდოს საფრთხის შეგრძნება, რომ ადამიანი (იმ მომენტში) გახდეს რისკის მოყვარული (risk lover). შესაბამისად, რისკის ზომა 0-ის ტოლი ხდება. ამიტომ, დანახარჯი მკვთრად მცირდება. თუ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც „გადაეკეტათ“ საზოგადოების დიდი ნაწილია, ეს ქმნის ძალზე დიდ ემოციურ მუხტს და გარდაიქმნება სიმძიმის ცენტრად და როგორც დიდი დამუხტული სხეული იზიდავს საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც. შედეგად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ პროტესტი გასცდა მშვიდობიან ფორმებს, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამარცხებულს უარყოფს ყველა. გამარჯველუბულებს არ ასამართლებენ. ხოლო, მათ ვისაც არ ასამართლებენ, კაპიტალიზირდება დამარცხებულზე. ამიტომ, თუ პროტესტი გასცდა მშვიდობიან ფორმებს, დიდი ალბათობით, ვიღებთ იმაზე უარეს მდგომარეობას, ვიდრე აქამდე იყო, რადგან თუ ხელისუფლება მარცხდება, არავინ იცის, ვის ხელში გადადის ძალაუფლება, ხოლო თუ იმარჯვებს, აღარ გავაგრძელებ... აქ კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბუნების კანონებიდან. ზღვრული სარგებელი კლებადია (მაგალითად, როდესაც გწყურია, ყველაზე მაღალ ფასს იხდი პირველ ყლუპ წყალში, რადგან ცვლილება, რომელიც უკავშირდება წყურვილის მოკვლის შეგრძნებას, ყველაზე მაღალია. ყველა მომდევნო ყლუპის ფასი თანდათანობით მცირდება, რადგან ცვლილების ეფექტიც მცირდება). ზღვრული ხარჯი კი პირიქით, ზრდადია (ძალისხმევი
პოლიტიკური პროცესი ვერ მოახდენს პირდაპირ გავლენას ზღვრულ დანახარჯებზე. ის ვერც მოთხოვნის მრუდს გახდის ვერტიკალურს და ვერც კონკრეტულ პოზიციას დაიკავებს ამ მოთხოვნის მრუდზე, რადგან ცვლილების ობიექტი ხელისუფლებაა და ეს თავად ხელისუფლებას შეუძლია. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გაზარდოს მოსალოდნელი სარგებელი და კიდევ უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, უნდა გაზარდოს ხელისუფლების ცვლილების ალბათობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა რწმენა იმის, რომ ლოგიკურ მოქმედებათა ერთობლიობით, კონკრეტული ადამიანების კოორდინირებითა და ლიდერობით და შესაბამისი ორგანიზაციული დიზაინით, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია იმ გარემოშიც კი, რომელშიც არჩევნებში მონაწილეობა კონტრპროდუქტიულია იმ წესებით, რა წესებითაც დღეს ხელისუფლება ატარებს არჩევნებს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ მიღწევადია, თუ საზოგადოების დაკვეთაა ხელისუფლების ცვლილება. სწორედ ასეთ პროცესს ვუწოდოთ მეორე პროცესი.
ცხადია, ეს უნდა მოხდეს ქუჩის პროტესტითა და საერთაშორისო ზეწოლით. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ დღეს, ვერც ქუჩის პროტესტი და ვერც საერთაშორისო ზეწოლის მასშტაბი ვერ აჩენს ხელისუფლების შეცვლის რწმენას, რადგან არ ჩანს თავად პოლიტიკური პროცესი. პროტესტის ძალა არაა მხოლოდ ადამიანების რაოდენობაში. ხომ გავიარეთ ეს ეტაპი უკვე. საზოგადოების დიდი ნაწილი არაა უკმაყოფილო ტყუილად. გამოვედით და რა ხდება მერე? თან ბევრჯერ გამოვედით. ენერგიამ რაღაც მუშაობა უნდა შეასრულოს (მაგალითად, ტვირთი ასწიოს გარკვეულ სიმაღლეზე). ხელისუფლების ცვლილების დაკვეთა პოტენციური ენერგიაა. მაგალითად, ვაშლს, რომელიც იმ ხეზეა ჩამოკიდული, რომლის ქვეშაც „ბიძინები“ სხედან, აქვს პოტენციური ენერგია. მისი სიდიდე დამოკიდებულია სხეულის მასაზე, სიმაღლესა და დედამიწის მიზიდულობის ძალაზე. სტატუს-კვო რომ შეიცვალოს, პოტენციური ენერგია უნდა გარდაიქმნას კინეტიკურში. სხვა სიტყვებით, ვაშლი უნდა მოწყდეს ხეს და აკრიფოს სიჩქარე და მესამე, ქვემოთ მიმართულმა ძალამ უნდა დაძლიოს საწინააღმდეგო მიმართულების (შემხვედრი) ძალა, რომ ვაშლი დაეცეს „ბიძინებს“ თავზე. წარმოსახვით, ვაშლი ცვლილებების მომხრე საზოგადოებაა. მასა დიდია, მაგრამ ის ვერ გაბედავს, რომ ხეს მოწყდეს, თუ არ სჯერა, რომ ბიძინებს თავზე დაეცემა. უნდა დაიჯეროს, რომ ენერგიას სასარგებლო მუშაობის შესრულება შეუძლია და რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება მაღალი. სხვა სიტყვებით, რაღაც უნდა მოიმოქმედოს, ეს უნდა იცოდეს წინასწარ და ამისთვის მოემზადოს. ვიცი, ბევრი მეტყვით, რომ თითქოს ვითხოვ „გეგმა სადაა, გეგმა“. ამიტომ გპასუხობთ, გეგმა ცნობილია და არ ვითხოვ. გეგმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმებია, ველოსიპედის გამოგონება არც აქაა საჭირო. ის, რაც კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გამყარებული. ესენია, პიკეტირება, გზების პარალიზება და ა.შ., ჩემზე უკეთ პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ. პრობლემა გეგმა კი არაა, პრობლემა უიმედობაა. არ მჯერა იმიტომ, რომ არ ვენდობი ბევრს, ვინც აქტიურობს. არ მჯერა იმიტომ, რომ ის, ვინც აქტიურობს უფრო მეტად იმაზე ფიქრობს, რომ სხვას წიხლი კრას, რომელიც ასევე აქტიურობს და ისიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ხურდა დაუბრუნოს იმის ნაცვლად, რომ ორივემ პოლიტიკური პროცესი წარმართოს (მე დამარწმუნოს). არ მჯერა იმიტომ, რომ არ ვარ მზად დიდ პროვაკაციაზე რეაგირებისთვის (მაგალითად, სახელმწიფო შენობის შტურმის პროვოცირება) და არ ვიცი, როგორ მოვემზადო. არ მჯერა იმიტომ, რომ ის, ვინც აქტიურობს, მომიწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ, მაგრამ თავად არაფერს საუბრობს საჭირო ქმედებებზე და შესაბამისად, არ იღებს რელევანტურ პასუხიმგებლობას მომავალ პროცესებზე. კიდევ ბევრი რამის არ მჯერა. თუ ხელის
მე მხოლოდ შეგახსენებთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ხელისუფლების ალტერნატიული მიწოდება არჩევნებიდან დღემდე:
პირველი ეტაპი: არჩევნების წინ, პოლიტიკურმა პარტიებმა დადეს ხელისუფლების კოორდინირებული გზით შეცვლის პირობა. ცალკე აღებულ რომელიმე პარტიას რეიტინგი არც მაშინ ჰქონია, მაგრამ კოალიციურ მმართველობას საზოგადოებამ მანდატი მიანიჭა. ანუ, საზოგადოებას გაუჩნდა ხელისუფლების კოალიციური მმართველობით ჩანაცვლების იმედი, რამაც ბევრ ადამიანს მისცა მოტივაცია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ სრულიად უანგაროდ მიეღო მონაწილეობა პროცესებში (გადაეხადა ფასი), რაც არასოდეს გაუკეთებია. ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა დამკვირვებლად, კომისიის წვერად. გაიარა ტრენინგი. არც ბრძოლისუნარიანობა აკლდა და არც შემართება. ყველამ ვირწმუნეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ. თუმცა, საბოლოოდ მივიღეთ არასწორი პროდუქტი, რადგან პროდუქტმა შექმნა არასწორი მოლოდინი. არჩევნები გაყალბდა, თუმცა არჩევნებს ჰქონდა აზრი, რადგან ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სწორი მონიტორინგისა და მეტი უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში, „გამოგლეჯა“ მიღწევადი იყო (ალბათ).
მეორე ეტაპი: აღმოჩნდა, რომ თურმე, „ტოპ-ტვინებმა“ ეს ყველაფერი წინასწარ გაისიგრძეგანეს და იმიტომ ამბობდნენ ამას ყველაფერს, რომ არჩევნებზე ბევრი ხალხი მისულიყო. დაიწყო ბრძოლის მეორე, არ-აღიარების ეტაპი, რაშიც კობახიძეც ძალიან დაგვეხმარა და შემოგვაშველა საკუთარი (ხელისუფლების) მიწოდება. ამ ეტაპზეც, იმედი გაჩნდა, რომ თუ ყოველდღე ბევრნი გამოვიდოდით, არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლება ჩამოიშლებოდა და ვინაიდან, კოალიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარშემო, უნისონში მოქმედებდა საერთაშორისო ასპერეზზე, ცვლილების იმედი უნდა გვქონოდა. უამრავი ხალხი იკრიბებოდა თითქმის ყოველდღე. თუმცა, ესეც არასწორი მოლოდინი აღმოჩნდა. თავისთავად, ენერგია ხომ რაღაცაში უნდა გამოიყენო. თუმცა, არც პოლიტიკოსები (მიმწოდებლები) გავიკარეთ ახლოს, რადგან კოალიციურად ვერ შეთანხმდნენ (რამაც ნდობის დეფიციტი შექმნა) და პრინციპში, ვერც დიდი იმპულსი დავინახეთ მათგან, რომ სურდათ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება.
მესამე ეტაპი: მიწოდება გაიყო. ნათელი გახდა, რომ მიმწოდებლები ვეღარ შეძლებდნენ კოალიციურად თუ კოორდინირებულად მოქმედებას. მოლოდინმა ვერ გაამართლა (ფრუსტრაცია). რეჟიმის ცვლილების იმედი შემცირდა, ფასი კი გაიზარდა და მოთხოვნის კანონის შესაბამისად, საპროტესტო მუხტი შემცირდა. ამასობაში, 2 მიწოდება ჩამოყალიბდა: (ა) თბილისი უნდა გამოგვეგლიჯა არჩევნების გზით ან (ბ) არ თანამშრომლობა, რასაც მოჰყვა არჩევნების ბოიკოტი.
(ა) მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ ცვლის ხელისუფლებას, კარგი არგუმენტია, რომ თბილისის გამოგლეჯა ნამდვილად გვაახლოებს მიზანს. თუმცა, ეს სწორედ ის მდგომარეობა ხომ არ იყო სწორედ, რომ რასაც უნდათ იმ შედეგს დაწერენ და ვერც ვერავინ მოიპოვებს გაყალბების მტკიცებულებებს, მიუხედავად იმისა, თუ რა უპირატესობით მოიპოვებ გამარჯვებას სინამდვილეში. როდესაც ამტკიცებთ, რომ თბილისის გამოგლეჯა შეგვეძლო იმ მიზეზით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, ხელისუფლებამ თბილისი წააგო, რატომ არ გსურთ იმ აზრის დაშვებაც, რომ ჯერ ერთი, საპარლამენტო არჩევნებში, ხელისუფლების ამოცანა იყო ნებისმიერ ფასად არა თბილისის, არამედ საპარლამენტო არჩევნების მოგება და მეორე ის, რომ იმ გარემოში, რა გარემოც ხელისუფლებამ შექმნა, რასაც უნდა იმას გააკეთებდა. ანუ, „ბესპრიძელი“ შექმნა. მაგალითად, კალაძეს დაუწერენ 50% +1 ხმას. შექმნიან კონკურენტული გარემოს იმიტაციას და გეტყვიან, აგერ, ძმაო, უმრავლესობა ვართ და დაწყნარდით ახლა. რა, ვინ ან როგორ შეუშლი ხელს?
(ბ) არ-თანამშრომლობა გავიგეთ, მაგრამ რეჟიმი ასე თავისით ჩამოიშლება რუსთაველის გადაკეტვითა და შიგადაშიგ, შედარებით დიდი ზომის მარშებით? სულ ესაა? გეგმა სადაა, გეგმა? სადაა ისეთი მოქმედებები (პროტესტის მშვიდობიანი ფორმები), რამაც ხელისუფლება კედელთან უნდა მიიყვანოს? ვინ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას? როგორ მართავთ ამ პროცესს? ისევ გაქვთ შესაბამისი მანდატი, რომელიც საზოგადოებამ გაყალბებული, მაგრამ არჩევნებით მოგანიჭათ? ხომ არ შეიცვალა მდგომარეობა? ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე მექნიზმით ხელახლა გჭირდებათ მანდატის მიღება და თუ კი რას გვთავაზობთ, სად არის თქვენი მიწოდება?
მეოთხე ეტაპი: მოულოდნელად, ფრუსტრირებულ გარემოში გაისმა რევოლუციის შეძახილები (მოთხოვნა ქმნის მიწოდებას) და ასპარეზზე გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე ინიციატივა, პასუხისმგებლობა და ძალზე ენერგიულად იმუშავეს, რომ ნდობა გაეჩინათ მათი პროცესის (მიწოდების) მიმართ, რაც უდავოდ იმსახურებს თანადგომასა და პატივისცემას, მაგრამ ის, რა პროდუქტიც შემოგვთავაზეს, იყო იმდენად დიდი სისულელე (მიუღწევადი), რომ დღემდე შოკი მაქვს და ვერ ვიჯერებ. 4 ოქტომბერს, ყველა რომ გავიდოდით რუსთაველზე, სამართალდამცავები ხალხის მხარეს გადმოვიდოდნენ და დააპატიმრებდნენ იქ გაჟღერებულ გვარებს (ან ეს საერთოდ რა იყო) და სისტემა ისე სწრაფად ჩამოიშლებოდა, რომ 20:00-საათზე ყველაფერი დასრულდებოდა. ცხადია, ხელისუფლებას არ გაუჭირდა ერთ-ერთ შენობაზე შტურმის პროვოცირება და შემდგომ ამაზე კაპიტალიზება, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ 4 ოქტომბრის კრიტიკის საფარქვეშ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ კაპიტალიზებას. ეს რბილად რომ ვთქვათ არასწორია, თუ არა გულის ამრევი.
მთავარი პრობლემა კი მაინც ის იყო, რომ მიწოდებამ, რომლის შინაარსიც იყო, კოალიციური და კოორდინირებული მოქმედება, მორიგი ჩაილურის წყალი დალია.
ნუ იფიქრებთ, რომ ხელებს მხოლოდ მათკენ ვიშვერ. ეს მედლის ერთი მხარეა მხოლოდ. პრობლემა ისაა, რომ მათ, ვინც ნაკლებად ვჩანვართ, უკეთესი ვერაფერი შევქმენით ჯერ და ბევრი ჩვენგანი არ განვსხვავდებით მათგან. ხშირად, სხვისი დადანაშაულება საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა.
როდესაც ვსაუბრობ მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმზე, სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ მოთხოვნას საზოგადოების ერთი ნაწილი ქმნის, ხოლო მიწოდებას - მეორე ნაწილი. არა, ეს ერთი და იგივე საზოგადოებაა. თუ არაფერს ყიდი თავად, ვერც ვერაფერს იყიდი სანაცვლოდ. ფუფუნებაა მყიდველის პოზიციიდან საუბარი. კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია, მაგრამ არ გვსურს საკუთარი თავის მიმწოდებლის პოზიციაში ჩაყენება, არადა ზუსტად ეს უნდა აკეთოთ, თუ გსურთ ხელისუფლების შეცვლა!




























