ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას გაუმართლებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით აბსურდულია.
BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ თემაზე საუბრისას, ფინანსისტმა განმარტა, რომ მინიმალური ხელფასები უმუშევრობაზეც ცუდად მოქმედებს და ბიზნესის მოქნილობას აუარესებს. მისივე თქმით, ხელფასების ზრდა დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან, რასაც თავის მხრივ თავისუფალი ბაზარი განაპირობებს და არა - რეგულაციები.
„ბიზნესისთვის რაც შეიძლება მაღალი მინიმალური ხელფასის დაწესება ეკონომიკური თვალსაზრისით აბსურდია და ეკონომიკურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ძალიან ბევრი კვლევა და ეკონომიკური პრინციპი აჩვენებს, რომ ასე დაწესებული მინიმალური ხელფასები უმუშევრობაზეც ცუდად მოქმედებს, ბიზნესის მოქნილობას აუარესებს და გრძელ ვადაში ეკონომიკაზეც ცუდად მოქმედებს. ის, რომ სადღაც პარლამენტში საბიუჯეტო დათვლების კომიტეტი არსებობს და ის რაღაცას ოპტიმალურად დაითვლის, ეს საფუძველს მოკლებულია. საბჭოთა კავშირი ამაზე იყო დაფუძნებული - ვიღაცა მოსკოვში რაღაცას ითვლიდა და ეგონათ, რომ ამის საფუძველზე ეკონომიკა იმუშავებდა. სხვადასხვა რესურსებზე ფასის წარმოქმნის ყველაზე კარგი მეთოდი არის კონკურენცია. პროდუქტებზე, სერვისებსა და მუშახელზე ფასწარმოქმნა შეთანხმებით, კონკურენტულ სიტუაციაში ხდება. კონკურენციის შეზღუდვა ამ ყველაფერზე ცუდად მოქმედებს.
ხელფასები ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება. მდიდარ ქვეყნებში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ბაზარი თავისუფალი იყო, ხელფასები მაღალია. ეს ეკონომიკის ანაბანაა. კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზარი არის ის, რაც ქმნის დოვლათს, სოციალიზმი და რეგულაციები ანელებს ეკონომიკურ ზრდას, აღარიბებს ქვეყნებს და აუარესებს ადამიანების კეთილდღეობას“, - განმარტავს ბედინეიშვილი.
მისივე თქმით, შრომის ინსპექცია ვერ მოაგვარებს ამ რეგულაციის ამოქმედების შედეგად გამოკვეთილ პრობლემას, რომელიც დაბალი ხელფასების შენარჩუნების მიზნით, კლინიკებში ექიმებისა და ექთნების უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანას გულისხმობს.
„ბიუროკრატების მიერ შექმნილ რაღაც სააგენტოს უნდა ვენდოთ? ერთხელ რომ დავსაჯეთ კომპანიები მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებით, ახლა კიდევ შეუსრულებადი რეგულაციის დარღვევისთვის კიდევ დავსაჯოთ მეორედ, სასამართლოში ვარბენინოთ და შრომის ინსპექციის შიშის ქვეშ ვამუშაოთ? აღარ ვლაპარაკობ ასეთ შემთხვევაში რა იქნება კორუფციის რისკები. ეს ბევრ ქვეყანაში ნაცადი მეთოდია და ეს მცდელობები ბევრჯერ ჩაფლავებულა. რატომ გვინდა დავუბრუნდეთ ჩაფლავებულ, არასაბაზრო მექანიზმებს, არ ვიცი“, - თქვა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.