მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათანადო ანაზღაურებას ყველაზე უკეთ თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს და არა ვიღაც ბიუროკრატები" - ფინანსისტი

63df92f071151
მარიამ დემეტრაშვილი
05.02.23 22:00
1908
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, შრომის ინსპექციას იმ მიზნების შესრულებისთვის, რომელიც მედიკოსებისთვის მინიმალური ხელფასის გადახდას უკავშირდება, „დრაკონული მეთოდების“ გამოყენება მოუწევს.

როგორც მან BMG-სთან საუბრისას განაცხადა, შრომის ინსპექციის მიერ კლინიკებში შესვლამ და ამ საკითხების მოკვლევამ შესაძლოა კორუფცია გაზარდოს. ამასთან, ფინანსისტი ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას ჩაფლავებულ საბჭოთა პრაქტიკას უწოდებს.

„შრომის ინსპექცია ვერ შეძლებს იმთავითვე არასწორი მიზნის შესრულებას, თუ არ მიმართა დრაკონულ მეთოდებს და არ ჩამოყალიბდა ნახევრად ტერორისტულ ორგანიზაციად. მიზანი თუ ის არის, რომ შიშის ზარი დავცეთ ბიზნესს, ეს მკვეთრად გააუარესებს ბიზნეს გარემოს. ამის შედეგი საბოლოოდ იქნება კორუფციის გაზრდა. ჩაფლავებული და დისკრედიტირებული საბჭოთა პრაქტიკების დაბრუნება თუ გვინდა, მივიღებთ სავალალო შედეგს“, - თქვა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტი ამბობს, რომ სათანადო ანაზღაურებას ნებისმიერ პროფესიაში, მათ შორის ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მედიკოსებისთვისაც, თავისუფალი ბაზარი და კონკურენტული გარემო განაპირობებს და არა სადამსჯელო მექანიზმები.

„რამდენი უნდა იყოს სათანადო ანაზღაურება, ამას ყველაზე უკეთ განსაზღვრავს თავისუფალი ბაზარი. ვიღაც ბიუროკრატები ამას ვერ განსაზღვრავენ. ეს ძალიან ბევრჯერ იქნა ნაცადი და ბევრჯერ ჩაფლავდა. რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, ეს უმჯობესდება მაშინ, როდესაც არის თავისუფალი კონკურენცია. ხარისხისა და ფასის ყველაზე კარგი თანაფარდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც
ბიზნესს, თუნდაც ეს იყოს ჯანდაცვის სფერო, მივცემთ საშუალებას, განვითარდეს“, - თქვა მან.

რაც შეეხება ამ რეგულაციის ამოქმედების შედეგად გამოკვეთილ პრობლემას, რომელიც დაბალი ხელფასების შენარჩუნების მიზნით, კლინიკებში ექიმებისა და ექთნების უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანას გულისხმობს, ბედინეიშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესის ბუნებრივი რეაქციაა.

„ეს არის კომპანიების ბუნებრივი რეაქცია, როდესაც ცდილობენ გაუმართლებელი რეგულაციების გამო შექმნილი ვითარებიდან რაღაც გამოსავალი იპოვონ. მათი მომგებიანობა მკვეთრად უარესდება. ხელოვნურად არიან ჩაყენებული ისეთ მდგომარეობაში, რომ გასწიონ გაუმართლებელი ხარჯი, რაც არ მიესადაგება მათ ბიზნეს შესაძლებლობებს. ამ დროს ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი რეაგირება“, - თქვა მან.

ცნობისთვის, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციას 2023 წლიდან ახალი მანდატი დაემატა - რამდენად ასრულებენ კლინიკები დადგენილ რეგულაციას, საკითხს შრომის ინსპექცია შეისწავლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები