მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შრომის ინსპექცია მონსტრად უნდა გადაიქცეს?!. პრობლემებს მაინც ვერ მოაგვარებს” - ფინანსისტი

63c2aacfea893
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 19:34
2280
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი უწყების - შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებას არ იწონებს. მანდატის გაზრდის პირობებში საჯარო დაწესებულება 2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხის შესწავლასაც მოიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი წლიდან სახელწმიფოს მიერ კლინიკებისთვის ექიმებისა და ექთნებზე მინიმალური ხელფასის დაწესების შემდეგ პროფესიული კავშირის გაერთიანება „სოლიდარობის ქსელში“ განაცხადები შევიდა, სადაც ექთნები კლინიკების მიერ მათ დაბალ პოზიციებზე გადაყვანის შესახებ საუბრობენ. მიზეზი მათთვის დაბალი ხელფასების შენარჩუნებაა.

„ანალიტიკაში“ აღნიშნული საკითხის განხილვისას, გადაცემის ავტორისა და წამყვანის კითხვას - შეძლებს თუ არა შრომის ინსპექცია კლინიკებისთვის მინიმალური ხელფასების დაწესებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას, ფინანსისტის გადაჭრით პასუხობს, რომ უწყება ამას ვერ შეძლებს და ის რეპრესიების ჩამტარებელ მონსტრს დაემსგავსება.

„შრომის ინსპექცია, რა თქმა უნდა, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. რამდენი შრომითი ხელშეკრულება უნდა შეამოწმოს? შრომის ინსპექცია გადავაქციოთ რაღაც მონსტრად, რომელიც ყველა ხელშეკრულებას ჩაუღრმავდება და მერე რეპრესიებს ჩაატარებს?! ბიუროკრატების მიერ შექმნილ სააგენტოს უნდა ვენდოთ? ერთხელ რომ დავსაჯეთ კომპანიები მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებით, მეორედ კიდევ შეუსრულებადი რეგულაციის დარღვევისთვის კიდევ დავსაჯოთ, სასამართლოში ვარბენინოთ და შრომის ინსპექციის შიშის ქვეშ ვამუშაოთ? ასეთ შემთხვევაში რა იქნება კორუფციის რისკები, აღარ ვლაპარაკობ. ეს ბევრ ქვეყანაში ნაცადი მეთოდია და ეს მცდელობები ბევრჯერ ჩაფლავებულა. რატომ გვინდა დავუბრუნდეთ ჩაფლავებულ, არასაბაზრო მექანიზმებს, არ ვიცი“, - თქვა გიგა ბედინეიშვილმა.

როგორც მან გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა, მინიმალური ხელფასები უმუშევრობაზეც ცუდად მოქმედებს და ბიზნესის მოქნილობას აუარესებს.

ცნობისთვის: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები