პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს სენატორი შაჰინის განცხადებას, რომ შეხვედრაზე კობახიძემ სთხოვა, ამერიკას შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება.
კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სენატორთან შეხვედრაზე ასეთი რამ არ უთქვამს.
"მე სამწუხაროდ უხეში განცხადების გაკეთება მომიწევს. რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. მე შეხვედრაზე ასეთი რამ არ მითქვამს. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის.
სენატორმა შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ შეხვედრაზე, სადაც მათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე გამოთქვეს შეშფოთება, ირაკლი კობახიძემ ამერიკულ მხარისგან მოითხოვა, რომ "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დაფინანსება შეეწყვიტა. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის პრემიერთან.