მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას" - სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ერთობლივი განცხადება

შაჰინი ტერნერი

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ყოფნისას მთავრობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, ვიზიტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შაჰინმა და ტერნერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სენატორი შაჰინი ამბობს, რომ სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

„ისეთი ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს, ჩვენ კიდევ ერთხელ ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული უკუსვლის და აშშ-ის მიმართ ცრუ განცხადებების ფონზე.

ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მუშაობა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში წინსვლისას. სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას“,- აცხადებს ჯინ შაჰინი.

თავის მხრივ, კონგრესმენი მაიკ ტერნერი ასევე ხაზს უსვამს ოქტომბერში, საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე იყო რეგიონში. თუმცა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია აშშ-სა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად.

აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის",- ამბობს მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას.

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები