მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაც უფრო გახანგრძლივდება ახალი არჩევნების დანიშვნა, ეკონომიკური კრიზისის უფრო მძიმე ფაზაში შევალთ - ზვიად ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, რაც უფრო გახანგრძლივდება ახალი არჩევნების დანიშვნა, ეკონომიკური კრიზისის უფრო მძიმე ფაზაში შევალთ. მან ამის შესახებ BMG-სთან, Freebusiness.ge-ს კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის კომუნიკაცია გაგრძელდება, რათა ზარალის მინიმიზების გზებზე იმსჯელონ.

"დღევანდელი მონაწილეების რაოდენობა ცხადყოფს და ნათლად აჩვენებს სწორედ პასუხს იმ კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშეა კერძო სექტორი. კრიზისი იქნება მძიმე, აქედან გამომდინარე მთელი ბიზნესი დიდი ინტერესით, დიდი მოტივაციით დღეს ამ კონფერენციას ესწრება. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ხედვები. რაც უფრო დროში გაგრძელდება ახალი არჩევნების დანიშვნა, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკური კრიზისის იმდენად უფრო მძიმე ფაზაში შევალთ. ამიტომ, ჩემი მოწოდება ასეთია ხელისუფლების მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, ჩანიშნონ ახალი არჩევნები აბსოლუტურად ახალი მიდგომებით. იმიტომ, რომ ახალი არჩევნები მოითხოვს დამოუკიდებელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მას გახდის გამჭვირვალეს და დამოუკიდებელს.

ჩვენ არ ვჩერდებით, თებერვალში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო კვლავ სთავაზობს ბიზნესს მრგვალ მაგიდას, ჩვენ ერთი უკვე ჩავატარეთ და თუ პლატფორმა თანახმა იქნება, შეგვიძლია ერთობლივად ჩავატაროთ და მუდმივი კონსულტაციები იყოს ბიზნესთან, რომ სად შეიძლება ჩვენი დახმარებით ბიზნესი ნაკლები ზარალით გამოძვრეს ამ ურთულესი ვითარებიდან. ვითარება იქნება ძალიან მძიმე, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს",- განაცხადა ჭუმბურიძემ.

დღეს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი თემაა "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები