"გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს.
საქმე ის არის, რომ საჯარო მოხელეებმა, თითქმის ყველა სამინისტროდან გაავრცელეს განცხადება, სადაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხს.რის შემდეგაც, კალაძემ თქვა, რომ მის უწყებაში "რეორგანიზაცია" ისედაც დაგეგმილი იყო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელმომწერ პირებს სხვადასხვა უწყებები სამსახურებიდან წასვლას აიძულებენ.
„მე მინდა ახლა მივმართო საჯარო მოხელეებს, ყველა მათგანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის უფლება ხომ გვაქვს ყველა ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, ჩვენ საჯარო მოხელე ვართ და ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს თუ არა. ეს ადამიანები ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს, თქვენ ვალდებული ხართ ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს აზრი ემთხვევა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს.მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ჯერ თავიანთი აზრი არ დაუფიქსირებიათ. ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგიაო და სისტემა გაიწმინდებაო, 12 წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, დღეს თურმე კი ამ კონფლიქტს და სისტემურ კრიზისს იყენებენ ამისთვის.რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით თქვენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გიცავთ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით. ჩვენ გვაქვს დღეს შანსი დავიწყოთ და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები საჯარო სექტორის დეპოლიტიზირების მიმართულებით იმიტომ, რომ საჯარო სექტორი, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი“, - აცხადებს გახარია.
გახარია ამბობს, რომ საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ ამ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, „რადგან მათზე სახელმწიფო ფიზიკურად ძალადობს“.