პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა ბაიდენის ადმინისტრაციას ეკისრება, ხოლო ახალი ადმინისტრაციისგან თბილისს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რადგან ვაშინგტონი "სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების" პრინციპებზე აკეთებს აქცენტს - ამის შესახებ პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია – სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარი ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან 2009 წელს გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას "ცარიელი დოკუმენტი" უწოდა. მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ახალი პარტნიორობა რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო. ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მე მგონი არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრისმთქმელი დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი და ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხის, ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ, ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას", - ამბობს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი 3 ივნისს სენატში კონგრესმენ ჯო უილსონისა და მარკო რუბიოს იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლითაც "ქართული ოცნების" პრო-ირანული და პრო-ჩინური კურსი აშშ-სთვის რისკის შემცველად შეფასდა.
პაპუაშვილის თქმით, ის ჯო უილსონის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ, "ისტორიულად დაბალ წერტილზე" ყოფნაში პასუხისმგებლობა მთლიანად აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ეკისრება და ახლა ჯერი ვაშინგტონზეა.
"ჯო უილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის ასე ვთქვათ მატარებელი ხდება ხოლმე. ვაცალოთ ამ ადამიანს, დაიმსახურა საკუთარი პოლიტიკური კარიერიდან და ასაკიდან გამომდინარე. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს. რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლებებს შორის, მათ შორის ის ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლების ჯგუფის მხრიდან, და სადაც იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები, რომელიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ჩვენ ვიხილავთ ადეკვატურ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
მე არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და მართალი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ. ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში. და გააფუჭა უსამართლობით. ასე რომ, რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ეს არის ალბათ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, გავუზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობებს, ახლა ჯერი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე არის, რომ ჩვენ ვიხილოთ ადეკვატური ნაბიჯები მათი მხრიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სენატში გამართულ სხდომაზე ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ საქართველო ირანს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება და "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბების გამო არალეგიტიმური მთავრობაა. მის შეფასებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია საქართველოსგან ტრაექტორიის ცვლილებას იმედოვნებს. რუბიოსვე თქმით, "ოცნებამ" აშშ-ს ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო ურთიერთობების გამოსასწორებლად - ამ ცნობას "ქართული ოცნების" ლიდერები უარყოფენ.




























