თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს იმას, რომ ამერიკელ სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრაზე "რუსული კანონის" შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ს მხრიდან რუსული კანონის გამო "ღირსეული პარტნიორის" სწავლების პროგრამის გადადებას შეეხებოდა.
"რაც შეეხება იმას იყო თუ არა საუბარი „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მან სენატორსა და კონგრესმენს თავისი წუხილი გაუზიარა პროგრამის გადადების გამო.
„მქონდა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში. საუბარი ეხებოდა თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. მე ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანამშრომლობა სასარგებლოა არამხოლოდ ქართველი, არამედ აშშ-ის მხარისთვისაც. მეორე მხრივ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. ეს პროექტები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ.
„ღირსეული პარტნიორის“ პროგრამის გადადება მხოლოდ გადადებაა და არა გაუქმება", - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა ურთიერთობების გადატვირთვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, კვლავ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ ქართული მხარის სურვილებზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს და წავიდეს პოზიტიური მიმართულებით, მეორე მხრივ მნიშვნელოვანია გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები, რამაც საბოლოო ჯამში უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.