დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)“ სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს.
პროექტის მიზანი, ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის დახმარების გაწევაა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომაზე წარადგინა პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოქმედ საწარმოებისთვის საქმიანობის დაუბრკოლებელ განხორციელებას. ასევე დარეგულირდება საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და ჩამოყალიბდება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის განმსაზღვრელი პრინციპები. კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება წყალმომარაგების სექტორში ლიცენზირების პროცედურები. ასევე, კანონი გაამარტივებს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციის პროცესს და დააზუსტებს ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმის განხორციელების მიზნით შესასრულებელი ვალდებულებების ვადებს.
სხდომაზე პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა წარმოადგინა „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს შენობების და საინჟინრო ტექნიკური სისტემების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების ვადის გადაწევას 2022 წლის 30 ივნისამდე, ნაცვლად 2021 წლის 30 ივნისისა. ასევე იცვლება თარიღი „ახალი შენობის“ განმარტებაში და ახალ შენობად ჩაითვლება შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები განაპირობა კოვიდ 19-ით გამოწვეულმა სირთულეებმა, რის გამოც ვერ მოხერხდა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტში.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კოლეგებს, ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრი, ლიანა ჯერვალიძის კანდიდატურა წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი განხილულ საკითხებს.




























