„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაემიჯნა საერთაშორისო მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დასავლურ იდეოლოგიების იმ ნაწილს, რომელიც, მისი თქმით, "Deep state"-ის ნაკარნახევ ნაბიჯებს დგამენ. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები კოორდინირებულ შეტევებს ახორციელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
კობახიძის თქმით, ამ კამპანიების მიზანი იყო საქართველოს „დასჯა“, რადგან ქვეყანამ უარი თქვა ომში ჩართვაზე და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა არჩია.
„წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელა საქართველოში. მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას, რადგან ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავარჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილზე,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ არასამთავრობო სექტორშიც.
„წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას,“ – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე შეაფასა მიმდინარე გლობალური ტრენდები და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, მსოფლიოში „ლიბერალური ფაშიზმის“ აღზევებას ვხედავთ.
„ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ — აგრესიული და შეუწყნარებელი იდეოლოგიის სახით, რომელიც უცხოური დაფინანსებით ვრცელდება და მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას. ის ხელს უწყობს სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის მიზნისადმი ერთგულებისა, საქართველო არ დათმობს სუვერენიტეტსა და ღირებულებებს.
„ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი და „დიფ სთეითი“
კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.
„საქართველომ როდესაც გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო და დაე, საქართველომ გადაწყვიტოს თავად ეს ყველაფერი“. ყველა ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მას „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს.
მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა „დიფ სთეითს“ გამოუცხადა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორც არის USAID-ი და NED-ი, რომლის მეშვეობითაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედისმომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.
დასასრულს, მსურს, წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ გავლენის წინააღმდეგ. ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთი სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაცვის თვალსაზრისით მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ორბანმა კობახიძეს საქართველოს გმირი უწოდა. „საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე".
ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მოძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.