მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრა რომეო მიქაუტაძემ UNECE - ს მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიაზე?

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE ) ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომლის ვიცე-თავმჯდომარეა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია დაბალანსებული ენერგეტიკული პოლიტიკის არსებობა, რომელიც, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის მხარდაჭერის პარალელურად, ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერასა და ამ სექტორში ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რომეო მიქაუტაძემ თავის გამოსვლაში ევროპის კონტინენტზე მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზის შეთანხმების მიზნებისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად კონტინენტზე ენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაცია აუცილებელია.

მისი თქმით, სუფთა ენერგიის გაცვლის მოცულობის გასაზრდელად და ელექტროენერგიით ქვეყნებს შორის ვაჭრობის მხარდასაჭერად ელექტროენერგიის ბაზრისა და ვაჭრობის მექანიზმის გარდასაქმნელად შესაბამისი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

„ასეთი ტრანსფორმაციის მიზანია განახლებადი ენერგიის გენერირების ობიექტების, გადაცემის სისტემების, სავაჭრო ინსტრუმენტების განვითარება და, იმავდროულად, საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის მეტ ხელმისაწვდომობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა სხვა კონკურენტულ ბაზრებზე,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული სექტორის დიგიტალიზაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე და ისაუბრა UNECE - ს პლატფორმაზე ენერგეტიკული სისტემებისთვის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მისი ინფორმაციით, პლატფორმა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას.

კომიტეტის დღის წესრიგშია ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა რეგიონში მდგრადი ენერგეტიკული სისტემების ხელშეწყობა; ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ენერგეტიკული სექტორის გაციფრულება; მდგრადი ენერგეტიკული სისტემების პლატფორმის ამოქმედება და სხვ.

სამინისტროს ცნობით, მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიის ფარგლებში, რომეო მიქაუტაძე ასევე ისაუბრებს ენერგეტიკული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე საქართველოს მაგალითზე და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები