ტერორისტული ორგანიზაცია HAMAS-ის წინააღმდეგ ომში მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სამუშაო ვაზიტით აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონს ეწვია, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ეს უცხოელი კოლეგის პირველი ვიზიტი იყო თეთრ სახლში და ნიშანდობლივია, რომ ეს სიმბოლური ნაბიჯი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირის, ისრაელის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადადგა.
შეხვედრაზე ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე, სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე, ირანიდან მომავალ საფრთხეებზე და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, რეგიონში მიმდინარე ომზე თავად დონალდ ტრამპმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორს ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს, სადაც ტურიზმის სექტორს ააყვავებს და სამუშაო ადგილებს შექმნის. დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ღაზის სექტორი ახლო აღმოსავლეთის რივიერა გახდება.
უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში ინვესტირებით გამდიდრებული დონალდ ტრამპი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებში ერკვევა და გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა მართლაც შეიძლება იქცეს ღაზის სექტორში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობად, მაგრამ ამ მხრივ გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკა. საქმე ისაა, რომ უმეტესწილად პალესტინელებით დასახლებულ ღაზის სექტორზე კონტროლი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გამო რეგიონში ომი ათწლეულების განმავლობაში არ შემწყდარა.
თუ ამერიკის შეერთებული შტატები ღაზის სექტორის დაკავებას მართლაც შეეცდება, გამოდის, რომ დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვნად გადახედა მის საგარეო პოლიტიკას, რადგან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მილიარდერი პრეზიდენტი რეგიონიდან ამერიკული ჯარის სრულად გასვლის შესახებ საუბრობდა. ამასთან, გაუგებარია, თუ როგორ გეგმავს დონალდ ტრამპი სადავო ტერიტორიის აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადაყვანას, რადგან კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების იძულებით გადასახლება ეწინააღმდეგება, როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის არსებულ ერთგვარ კონსენსუსს.
დონალდ ტრამპის ეს გეგმა არც არაბული სამყაროს წარმომადგენლებს მოსწონთ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ისრაელთან ომში მყოფი ტერორისტული ორგანიზაცია HAMAS-ის ლიდერი, სამი აბუ ზუჰრი, რომლის შეფასებით პალესტინელების გადასახლება რეგიონში ქაოსს და დაძაბულობას შექმნის. აშშ-ის პრეზიდენტის იდეა არც ეგვიპტის და იორდანიის ლიდერებს მოსწონთ, რომლებიც პალესტინელი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ. დონალდ ტრამპი განსხვავებულად ფიქრობს და ამბობს, რომ არაბ კოლეგებს დაარწმუნებს.
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ღაზის სექტორი ყველა პალესტინელმა უნდა დატოვოს, რადგან ისინი, პრეზიდენტის თქმით, ამ ტერიტორიაზე ცუდად და ჯოჯოხეთურად ცხოვრობენ, ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ტერიტორიას არ ტოვებენ ისაა, რომ წასასვლელი არსად აქვთ. პრეზიდენტის შეფასებით, პალესტინელების გადასახლება რეგიონის ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ, ხოლო ეს ადამიანები კარგ ადგილას დასახლდნენ, სადაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები ექნებათ. კონკრეტულად რა იგულისხმება უკეთეს მიწაში ან სად მდებარეობს ის, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარეებს შორის საზავო შეთანხმებას მიაღწია, რომლის შემდეგ, ასობით ათასი პალესტინელი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე დაბრუნდა, მაგრამ სახლები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და ადგილები, სადაც ისინი დადიოდნენ დღეს უბრალოდ აღარ არსებობს. როგორც ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივ ვიტკოფმა ტერიტორიის მონახულების შემდეგ განაცხადა, ღაზის სექტორის აღდგენას 10-15 წელიწადი დასჭირდება. დონალდ ტრამპის შეფასებით, ღაზაში დაბრუნება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან იქ 30,000 ერთეული აუფეთქებელი სამხედრო აღჭურვილობაა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ღაზის სექტორზე, რომელიც წითელ ზღვასთან მდებარე ტერიტორიაა, რომლის ფართობი 365 კვადრატული კილომეტრია. გამოდის, რომ ეს ტერიტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ომის და სიღარიბის მსხვერპლი იყო, თბილისზე ორჯერ მცირე ზომისაა. ადამიანები, რომლებიც დღეს ღაზის სექტორში ცხოვრობენ, უმეტესწილად იმ პალესტინელების შთამომავლები არიან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეგიონში დაწყებული ომის გამო დასახლდნენ.
1948 წელს ღაზის სექტორზე კონტროლი ეგვიპტემ მოიპოვა, მაგრამ 1967 წლის ომში ღაზის სექტორი, ისევე, როგორც პალესტინელებით დასახლებული სხვა ტერიტორია ისრაელმა ჩაიგდო. მას შემდეგ, ღაზის სექტორში შეტაკებები გრძელდებოდა, რამაც 2005 წელს ისრაელს ტერიტორიის დატოვება აიძულა. აღნიშნული კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო ორ წელიწადში, როცა ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა HAMAS-მა ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა, რასაც ისრაელის მწარე რეაქცია მოჰყვა.
წლების განმავლობაში ისრაელი ღაზის სექტორის ბლოკადას ცდილობდა, რასაც HAMAS-ი სარაკეტო დარტყმებით და ტერაქტებით პასუხობდა, რაც საბოლოო ჯამში 2023 წლის ოქტომბრის ოპერაციით დასრულდა, რომელსაც 1,200 ისრაელელი ემსხვერპლა, ხოლო 250 ტყვედ ჩავარდა. აღნიშნულს ისრაელი გამოეხმაურა და HAMAS-ის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც 47,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად სრულად განადგურდა. სხვადასხვა მონაცემებით, ზარალის მოცულობა $20 მილიარდს აღემატება.