მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე (ვერ) შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი? - პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დასრულდა

ტრამპი პუტინი

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმაც და კრემლმაც გაავრცელეს განცხადებები იმის შესახებ თუ რაზე გაიმართა საუბარი და რაზე (ვერ) შეთანხმდნენ მხარეები. საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების შესახებ.

ორივე მხარის განცხადებაში წერია, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, ზავი დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე უკრაინის ომში. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მშვიდობით. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება. უკეთესია, სისხლი და სახსრები, რასაც გაიღებენ უკრაინა და რუსეთი ამ ომში, დაიხარჯოს ორი ხალხის საჭიროებებზე... ეს კონფლიქტი არასოდეს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო,“- წერია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.

„ასევე გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და სრულ მშვიდობაზე“, - წერია განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, როგორც ირკვევა პუტინი დათანხმდა 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს. პუტინი ასევე თანახმაა, რომ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე დადოს შეთანხმება.

„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს, კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება. ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები