სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინა. შპს. "სანდო" შესაბამისი აღიარების გარეშე მუშაობდა. უწყების ცნობით, საწარმო მუშაობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100%-ს ილია გზირიშვილი ფლობს.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა ფინანსური ჯარიმა, ხოლო საწარმო დროებით დახურულია.
"ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისი ღონისძიებების ფარგლებში, ამოღებულ იქნა 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებული რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა) და 110 ლიტრი რძე. აღნიშნული პროდუქტები დალუქულ იქნა, ხოლო საწარმოო პროცესი შეჩერდა", - წერს სურსათის სააგენტო.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოებების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. 2023 წლის განმავლობაში, სააგენტომ ჩაატარა 3580 სახელმწიფო კონტროლი და გამოავლინა 32 არარეგისტრირებული საწარმო.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონმდებლობა და მიაწოდონ მხოლოდ სერტიფიცირებული, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი მომხმარებელს.




























