მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „როსსელხოზნადზორის“ დელეგაციაც მონაწილეობდა

როს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის დელეგაცია თბილისში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, 20-22 ოქტომბერს დელეგაცია მსოფლიო ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარში მონაწილეობს, რომლის მიზანიც ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერებაა.

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, სემინარის ფარგლებში რუსეთის უწყების წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოება, მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა და ორივე ქვეყნის ბაზარზე პროდუქციის ახალი სახეობების დაშვების საკითხები განიხილეს.

რუსული უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ნოემბრიდან რუსეთის ბაზარზე წვდომას საქართველოს ორი რძის გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს. უწყება აცხადებს, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და გარანტიების შეფასების შემდეგ, საწარმოების ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე, მათი მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეყვანის საკითხი შეთანხმებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.

ამასთან, რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, შეამოწმოს ექვსი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი, რომლებსაც რუსეთში ექსპორტი აინტერესებთ. „როსსელხოზნადზორის“ ცნობით, დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, შემოწმების შემდეგ ამ კომპანიების პროდუქციას რუსეთის ბაზარზე შეტანის შესაძლებლობა ექნება.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები