სურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებზე რუსეთთან, სომხეთთან და ბულგარეთთან სამუშაო შეხვედრებს გეგმავს. უწყების ინფორმაციით, მიზანი ფიტოსანიტარიული კონტროლის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელებაა.
სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - აცხადებენ უწყებაში.
სააგენტოს განმარტებით, თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და მავნე ორგანიზმების გავრცელების ფონზე, რათა ფიტოსანიტარიული რისკების პრევენცია და კონტროლი გაძლიერდეს.
ამასთან, საქართველო 2015 წლიდან ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია. სააგენტოს განცხადებით, წევრობა ქვეყანაში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობას უწყობს ხელს.
























