მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის პროდუქტები 15-20%-ით გაძვირდება - ლაშა პაპაშვილი მიზეზებს განმარტავს

62344bf80206a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 13:16
2679
საქართველოში უახლოეს პერიოდში რძის პროდუქტები 15-20%-ით გაძვირდება - ამის შესახებ ბიზნესმენმა და მერძეული ფერმა „ყვარლის ბაგას“ მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა „საქმიან დილაში“ ნედლი რძის წარმოების გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნესმენის შეფასებით, გასულ წელთან შედარებით, დღეს რძის პროდუქტების ფასი 15%-ით არის გაზრდილი, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ფასი კვლავ მოიმატებს.

„მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რძის პროდუქტების წამყვან გადამმუშავებლებს ფასების ზრდა არ შეტყობოდათ, მაგრამ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც მოსავლის აღების სეზონი ჯერ კიდევ არ არის, რადგან მარცვლეულის აღება ივნისში იწყება და ამ 3-4 თვეში რძის მომხმარებელი რძის პროდუქტების მნიშვნელოვან 15-20%-ით გაძვირებას უნდა ელოდოს. გასულ წელთან შედარებით ჩვენ ნედლი რძის ღირებულება 15% გავზარდეთ, თუმცა ახლა რუსეთის ბაზრის დაკეტვის გამო, რომელიც ხორბლის ექსპორტის მთავარი წყაროა, რთულდება ხორბლის ექსპორტი და უამინდობის გამო ტრანსპორტირებაც გართულებულია“, - განმარტა ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგას“ მფლობელმა.

ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ მის წარმოებაში საკვებად საჭირო მარცვლეული კულტურებიდან ფერმა სიმინდის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

„ყველამ და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შემდეგ წლებში ეს ფასები კიდევ უფრო გაძვირდება, ვინაიდან ევროპას აღარ უღირს საქონლის შენახვა და იშორებს მას. საქონლის საკვებში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სიმინდი, ხორბალი და ქერია. „ყვარლის ბაგას“ ხორბალში უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა ქვეყანაში სიმინდის 80% იმპორტირებულია და ჩვენი წარმოებაც იმპორტირებული სიმინდის მარცვალზეა 100%-ით არის დამოკიდებული, სილოსის ნაწილში ჩვენ წარმოებას თავად ვახერხებთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.

აღსანიშნია, რომ „ყვარლის ბაგა“ დღიურად წარმოებული 35 ტონა ნედლი რძით საქართველოში მოქმედ მსხვილ წარმოებებს „სანტეს“, „სოფლის ნობათს“ და „აგროჰაბს“, ასევე მცირე წარმოებას „რძის ლაბორატორიას“ ამარაგებს. ლაშა პაპაშვილის თქმით, საქართველოს მოთხოვნა 550 მლნ ლიტრი ნედლი რძეა, საიდანაც „ყვარლის ბაგა“ 12 მლნ ლიტრს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები