მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: “ტირიფონის ბაღების” ვაშლი დუბაიში ექსპორტზე გავიდა

64623751367f5
მარიამ იზორია
15.05.23 17:40
882
“ტირიფონის ბაღები” გორში, სოფელ კვარხითში, ზურაბ გოჯიაშვილმა 2014 წელს დააფუძნა. ვაშლის ინტენსიური ბაღი სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და USAID-ის დახმარებით გაშენდა. 31 ჰექტარის ფართობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღში დღეს 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალია გაშენებული. “ტირიფონის ბაღები” ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ შესულა, თუმცა კომპანიამ უკვე სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო და ბაღთან ერთად კომპანიის ტერიტორია ვაშლის შესანახ ინფრასტრუქტურასაც მოიცავს.

“ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ სამაცივრე საცავის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, მსგავსი დამახარისხებელი ხაზი კი, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა აერთიანებს, საქართველოში ჯერ არავის მოუთხოვია.

“სამაცივრე საცავის მოცულობა 1000 ტონაა. ადგილზე ჰოლანდიური ტექნოლოგია გვაქვს გამოყენებული. დამახარისხებელი ხაზის სიმძლავრე საათში 5 ტონაა. ეს ხაზი ვაშლს ზომის, წონის, შეფერილი ზედაპირის მიხედვით ახარისხებს” - აღნიშნავს ის.

2022 წელს, მაშინ, როცა ვაშლის ბაღები და სამაცივრე მეურნეობა სრულად გაიმართა, ტირიფონის ბაღებმა კი USAID-ის დახმარებით Global Gap-ის სტანდარტიც მოიპოვა, კომპანიაში ფიქრი ექსპორტზე დაიწყეს. თავიდანვე სამიზნედ ერთი შეხედვით არატრადიციული, აღმოსავლეთის ბაზარი შეირჩა. ექსპორტს ბევრი გამოწვევა ახლავს თან, მთავარ გამოწვევას შორის ამ ბაზრის სიახლე იყო. საქართველოს ისტორიაში აქამდე ვაშლი დუბაიში საზღვაო საკონტეინერო გზით არავის გაუტანია.

“ტირიფონის ბაღებმა” ყველა საექსპორტოდ ყველა გამოწვევა შესაბამისად გადალახა. ვაშლის პირველი, საცდელი პარტია ადგილამდე 40 დღე მიდიოდა, თუმცა, როგორც ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, გორში მოწეული ვაშლი უკვე დუბაიშია და ახლა დამატებითი შეკვეთების მოლოდინის ეტაპია.

“ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, რომლებმაც არა მარტო ამ ბაზარზე, არამედ საერთოდ საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვით ისარგებლეს და ვაშლის პირველი პარტია, მოშორებით, სხვა ქვეყანაში გააგზავნეს.

სატესტო მოცულობა 20 ტონას შეადგენდა, 1120 ყუთის ექსპორტი მოვახდინეთ. სატესტო მოცულობის გატანას ჩვენთვის შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა: უნდა გვესწავლა ექსპორტის მოცულობა, სამაცივრე კონტეინერის მოძიება, როგორ იტვირთება ის და რა სიძნელეები ახლავს ექსპორტს, ამასთან როგორია უცხოურ საბაჟოსთან ურთიერთობა”, - ამბობს “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელი.

კითხვაზე - რატომ არა რუსეთის ბაზარი, რომელიც ქართული კომპანიებისთვის ბევრად უფრო მარტივი და ნაცნობი ბაზარია, ზურაბ გოჯიაშვილი ასე გვპასუხობს:

რუსეთის ბაზარი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, რუსეთს მაღალი ხარისხის პროდუქტზე მოთხოვნა ნაკლები აქვს, შესაბამისად, გადავწყვიტეთ თუ მიზანს დავისახავდით, “ნაპოლეონის” მიზანი დაგვესახა.

რა საკვირველია ძველი ისტორიული კავშირები არსებობს რუსეთთან, თუმცა, ვფიქრობ, რუსეთის ბაზარი საინტერესო არ არის” - ყვება ის.

"ტირიფონის ბაღებში" ამ დრომდე 13 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კომპანია აქ არ ჩერდება. 67 ჰექტრიდან ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია. აღმოსავლეთის ბაზარზე სტაბილური ექსპორტის შემთხვევაში გეგმების განხორციელება უფრო მარტივი იქნება. რიცხვები ამბობენ იმასაც, რომ გაზრდილი წარმოებით ადგილობრივ ბაზარზე იმპორტსაც ჩაანაცვლებენ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაც უფრო გამარტივდება.

“აუთვისებელ ტერიტორიაზე კიდევ გავაშენებთ ვაშლის ბაღებს. აუცილებლად, სამომავლოდ წარმოებაზეც ვიფიქრებთ”, - განმარტავს “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები