"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიზანი სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებაა. მოგვიანებით კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომენტარი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "ოცნება" მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს შექმნის. ლევან ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ ამისთვის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევა.
BM.GE დაინტერესდა, რას მოიცავს რეალურ დროში აუდიტი და თანამშრომლობის გაძლიერება. როგორც ჩვენი კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, ახალი მიდგომა ტრადიციულთან ერთად იქნება გამოყენებული.
უწყებაში ამბობენ, რომ რეალურ დროში აუდიტი პრევენციულ დატვირთვას ატარებს და საჯარო ფინანსების მართვაზე პასუხისმგებელი უწყებების მიმდინარე საქმიანობის შემოწმებას გულისხმობს.
"უმაღლესი აუდიტის სფეროში ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს ე.წ რეალურ დროში აუდიტის ჩატარების პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ტრადიციულ მიდგომებთან ერთად, რაც საჯარო ფინანსების ხარჯვის/გამოყენების ფაქტის შემდგომ შესწავლას გულისხმობს - ასევე განახორციელებს აუდიტებს ახალი მიდგომით, რაც პრევენციულ დატვირთვას ატარებს და საჯარო ფინანსების მართვაზე პასუხისმგებელი უწყებების მიმდინარე საქმიანობის შემოწმებას მიემართება. რეალურ დროში პროგრამების აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს ადრეულ ეტაპზე შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას", - უთხრეს BM.GE-ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაინიიცირდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.