სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი არჩილ მელიქაძე აცხადებს, რომ დიდი საცალო ქსელები ფასების ზრდის მიზეზი არ არიან და პირიქით, მომხმარებლისთვის ფასების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება გახდნენ. ამის შესახებ მან „ფასების კომისიის“ სხდომაზე, საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურისა და ფასწარმოქმნის ჯაჭვის განხილვისას განაცხადა.
„რეალურად, დიდი ქსელები არ ვართ პრობლემა, ჩვენ პრობლემის გადაწყვეტა ვართ. რაც უფრო დიდი გავხდებით, მით უკეთეს პირობებში შევძლებთ პროდუქციის შეძენას. ფასების შემცირების რესურსი პირველ რიგში სწორედ შესყიდვებსა და ლოგისტიკაშია. ამ მიმართულებით დიდი ინვესტიციების განხორციელებას ვაპირებთ“, - განაცხადა მელიქაძემ.
მისივე თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ქსელები იმპორტირებულ პროდუქციას ისეთივე ან უფრო მაღალ ფასად ყიდულობენ, ვიდრე ის მწარმოებლის ქვეყანაში თაროზე ღირს, რაც ექსკლუზიური მომწოდებლების არსებობით აიხსნება. მაგალითად მან კარაქის ერთ-ერთი ბრენდი დაასახელა, რომელიც ქსელში 7.59 ლარად იყიდება, თუმცა ალტერნატიული ბრენდი 6.99 ლარადაც არის წარმოდგენილი.
არჩილ მელიქაძის თქმით, გამოსავლად დიდი ქსელებისთვის ალტერნატიული პროდუქციისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნების განვითარება რჩება.
“უკვე ვავითარებთ საკუთარ ბრენდს „ნოსტიმო“, რომლის ქვეშაც რამდენიმე პროდუქტი იყიდება, მათ შორის პომიდვრის პასტა, რომელიც, ტოპ ბრენდებთან შედარებით დაახლოებით მესამედ ფასად არის წარმოდგენილი”, - თქვა მან.
მისივე განმარტებით, ქსელი მზად არის ადგილობრივ მწარმოებლებთანაც ითანამშრომლოს და მათ უკეთესი გადახდის პირობები შესთავაზოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტები და პროდუქციის რეგულარული მიწოდება.
კომიტეტის სხდომაზე, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, არის თუ არა ფასების შემცირების რესურსი - მელიქაძემ უპასუხა, რომ ამის რესურსი არსებობს. მან ასევე აღნიშნავს, რომ საცალო ბაზარზე მაღალი კონკურენცია მოქმედებს, რაც ფასების ზრდის შესაძლებლობას ზღუდავს. მისი თქმით, თუ რომელიმე ქსელი ფასს არასაბაზრო დონეზე გაზრდის, კონკურენტები სწრაფად შეეცდებიან მისი ბაზრის წილის შემცირებას.
“ჩვენი კროს-მარჟის დინამიკას რომ შეხედოთ, ბოლო 3 წელია და 25 წელშიც ეს დინამიკა გაგრძელდება, ეს დინამიკა იკლებს. იკლებს იმიტომ, რომ ჩვენ დარგში კონკურენცია მძაფრდება. ჩვენ რომ ფასი არასაბაზროზე მეტად ავწიოთ, [კონკურენტები] იქვე შეეცდებიან ბაზრის წილი წაგვართვან. ასე ვიქცევით ჩვენც. ასე რომ კონკურენცია საუკეთესო პირობაა ფასების შემცირების. ჩვენ დარგში ჯერჯერობით მაღალი კონკურენციაა. ბევრი წლის შემდეგ, როდესაც გვექნება ბაზრის 30% მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ფასების მიმართულებით”, - განმარტა მელიქაძემ.




























