მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეალურად, რაც იყო დაპირება, ის ამით ვერ შესრულდება" - ანალიტიკოსი პირდაპირი პრივატიზაციის ახალ წესებზე

გიგი ჩიხლაძე

"რეალურად, რაც იყო დაპირება, ის ამ წესებით ვერ შესრულდება" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა გიგი ჩიხლაძემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი პრივატიზაციის ახალი წესები კორუფციის რისკს ვერ შეამცირებს. მისივე თქმით, დადგინდა წინაპირობები, რომლებიც ვითარებას ვერ გამოასწორებს.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა და "უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე". უკვე 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი განაცხადა, რომ პრივატიზაციის პირობები ზუსტად კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრება. სწორედ ეს ცვლილებები შევიდა ძალაში 2026 წლის 12 იანვარს.

"პირველი წინაპირობა არის ის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული პირდაპირი წესით პრივატიზაცია, თუ 100-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს პირი, ინვესტორი. მეორე წინაპირობა არის ის, რომ საზოგადოებრივი საჭიროება თუ არსებობს, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ 100-მილიონიანი წინაპირობა არ იყოს დაცული.

100 მილიონის წინაპირობის მსგავსი მექანიზმი სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში, რა არის ჩამკეტი იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღება?! ქონების, რომელსაც პირდაპირი წესით ყიდი, საბაზრო ფასით შეფასება უნდა მოხდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი აჩუქე, ვისაც ჩუქნი, მონეტიზებადი უნდა იყოს შეფასება... ამ სიტუაციაში კი ამის შეფასების ვალდებულება არ არსებობს და მთავრობას აქვს დისკრეცია - უნდა შეაფასებს, უნდა არა. ამით მივიღებთ იმას, რომ მაგალითად, თუ პირმა თავის ბიზნესში 100 მლნ დახარჯა, ეგრევე იღებს საბუთს იმისა, რომ მას შეეძლოს ნებისმიერი ქონება, რომელიც პირდაპირ მიყიდვადია, მიიღოს ბუნდოვან ფასში. არავინ იცის იმის ფასი რა არის, ვინაიდან მისი შეფასება არ მოხდება. მე როგორც ინვესტორმა დავხარჯე 100 მლნ, რომელსაც ისედაც ვაპირებდი, და საპასუხოდ მე მივიღე ის უპირატესობა, რომ მე ქონება შემიძლია მივიღო ნებისმიერ ფასში. შესაბამისად, რაღაც ჯგუფი იღებს წვდომას ამ პრივილეგიაზე.

მეორე პრობლემა არის 100 მლნ რომც არ დახარჯოს, გვაქვს ჩანაწერი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მიზანი, როდესაც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიმართოს შუამდგომლობის ქონების მართვის სააგენტოს, რომ ეს ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს და გადავცეთ მას სახელმწიფო ქონება. ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი რა არის, არსად არ წერია. მაგალითად, კარგმა მოდებატე ადამიანმა შეიძლება დაგიმტკიცოს, თუ რატომ უნდა იყოს სავაჭრო ცენტრი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი. ან მაგალითად რატომ არ არის მორიგი საცხოვრებელი კომპლექსი საზოგადოებრივი მნიშვნელობის?!

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რაც არ წერია კანონში. მაგალითად, არ წერია, რომ როდესაც მე ვარ ბიზნესმენი და მსურს ქონების პირდაპირი წესით მიღება, რა უნდა გავაკეთო? ვის უნდა მივმართო? მთავრობაში ვინმეს უნდა დავურეკო, ფეისბუქზე უნდა დავწერო თუ რა? ამის პროცედურა არ არსებობს, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ამის მსურველებმა უნდა გააკეთონ ეს, გაიარონ ფილტრი და შემდეგ შეეძლებათ ამ პროცესში მონაწილეობა. არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. ბოლოს რომ აღმოჩნდება, რომ ის, ვინც ქონება მიიღო, გადაწყვეტილების მიმღების ბიძაშვილია, ოჯახის წევრია, ბიზნეს პარტნიორია... ინტერესთა კონფლიქტიც რომც იყოს და აღმოჩნდეს მისი ოჯახის წევრი, კანონი არ ირღვევა, ეს არ წერია კანონში“, - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ერთადერთი დადებითი რაც შეიძლება დავინახოთ ამ პროცესში არის ის, რომ მთავრობამ პრობლემა აღიარა. თუმცა, რეალურად კორუფციის პრევენციის რეალური მექანიზმი არ არსებობს.

„იდეა სწორია და კარგია ის, რომ საჯარო ქონების უპირობო პირდაპირი პრივატიზაცია დაუშვებელია. ამაზე ყველა ვთანხმდებით, კობახიძემაც ეს თქვა და რთულია შეედავო. ეს პრობლემა არაა ვირტუალური, ასობით ასეთი შემთხვევა იყო წინა წლებში, იყო პერიოდი როცა ვიცოდით რომ მოხდა პრივატიზაცია, თუმცა არ ვიცოდით, რატომ მოხდა, რატომ ამ ფასად და ა.შ. და იყო პერიოდი 2020-2024 წლებში, როცა ისიც კი არ ვიცოდით, თუ რა გაიყიდა, ამას ვიგებდით გვერდითი გზებით. განკარგულებები იყო გასაიდუმლოებული და დღემდე გასაიდუმლოებულია. ჩვენ ვიგებდით სახელმწიფომ რა გაასხვისა პირდაპირი წესით, საკადასტრო მონაცემების ანალიზით, რეესტრის ამონაწერებით და ა.შ. ალბათ, იმის მცირე ნაწილს ვპოულობდით, რაც რეალურად ხდებოდა.

პრობლემა იდგა სერიოზულად და ძალიან დასაბუთებული ეჭვით იყო კორუფციის სერიოზული წყარო. ეს ნაწილობრივ აღიარა კიდეც ოცნების წარმომადგენლებმა“, - განმარტა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები