"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალურია", - ასე ფიქრობს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელმაც ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას საკითხის განხილვა "საქმის კურსთან" შეაფასა.
ცნობისთვის, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე აპირებს, რის შედეგადაც, ბრიუსელს 61 ქვეყნის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო შეჩერება გაუმარტივდება. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივაზე ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის პირველი დიალოგი გასულ კვირას გაიმართა. მიზანი პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდის ამოწურვამდე, ანუ ივნისის ბოლომდე შეთანხმების მიღწევაა. "თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ახალი კანონმდებლობა ადრეულ შემოდგომაზე ამოქმედდება", - წერს რიკარდ იოზვიაკი.
"არსებული გეოპოლიტიკური ვითარება აიძულებს ევროკავშირს პროცესში პოლიტიკური ინსტრუმენტის კომპონენტი შემოიტანოს", - მიიჩნევს ელგუჯა ხოკრიშვილი და აღნიშნავს, რომ რეალურია საფრთხე, რომ დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარიც რისკის ქვეშ დადგეს.
“ეს პროცესი ორი წლის წინ დაიწყო. ეს ეხებოდა ევროკავშირის შიდა სავიზო პოლიტიკას და გაჩნდა პოლიტიკური ინსტრუმენტის კომპონენტი. ეს შეეხება დემოკრატიის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას მოიცავს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო რეჟიმი უკვე აქვთ შეჩერებული, რაც ერთგვარი გაფრთხილება იყო, ასევე არსებობს ევროკომისიის შეფასებები, დასკვნა დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რა თქმა უნდა, ეს [უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე] რეალურია. ევროკავშირს არ სჭირდება არავის დაშანტაჟება. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული პირობები”, - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.
მისი თქმით, საქართველოში არადემოკრატიული კანონების მიღების ფონზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, რის გამოც ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ბენეფიტებს.
“ჩვენ კანდიდატის სტატუსი დათქმებით მოგვანიჭეს და ასეულობით მილიონ ევროზე დღეს წვდომა არ გვაქვს. ყველა პროგრამა გაჩერებულია. მაგალითად, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების პროგრამა (რომლის ფარგლებში მოლდოვას დაუმტკიცდა დაახლოებით 1.8 მლრდ ევროს მოცულობით), გაჩერებულია შვიდ ევროპულ პროგრამაზე წვდომა, იმიტომ რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს იმ წინაპირობებზე. ამ ფინანსური დახმარების დაახლოებით 10-15% მოდის სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვინაიდან ევროკავშირს სჭირდება თანხების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგისთვის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება.
მაგალითად, გრანტების კანონი თუ ზღუდავს ევროკავშირს, გამოყოფილი თანხების დამოუკიდებელი მონიტორინგი მოახდინოს, ეს ნიშნავს, რომ არანაირ პროგრამაზე საქართველოს წვდომა არ ექნება. იმიტომ დღეს ჩვენზე წინ მოლდოვა, უკრაინა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებია… დიახ, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, დიახ, ჩვენ რეალურად რამდენიმე ასეული მილიონი ევროზე დღეს დაკარგული გვაქვს წვდომა და აქვთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვას, თუ უკრაინას და დიახ, ეს რისკი რეალურია, რომ დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარიც რისკის ქვეშ დადგეს. ამაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ამ რეჟიმის ანტურაჟს და ამ ადამიანებს ეკისრებათ… საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი გახდება. ეს ეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ უვიზო მიმოსვლის მქონე სხვა ქვეყნებსაც”, - განმარტავს ხოკრიშვილი.
ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინსტრუმენტის გამკაცრება ევროკავშირს საკუთარი ფასეულობების დასაცავად სჭირდება.
“ეს ხომ მთლიანი პაკეტია, ევროკავშირს, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მიმდინარე გლობალური დინამიკის საფუძველზე შეექმნა გარკვეული საფრთხეები. იქ იყო ქვეყნები, რომლებიც მიზანმიმართულად, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ მიგრაციის ნაკადებს, მოქალაქეობის მინიჭების საინვესტიციო სქემებს… უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ მან უნდა ითამაშოს გეოპოლიტიკური როლი. გეოპოლიტიკური აქტორი რომ გახდეს, შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტები სჭირდება. დიახ, ეს ხდება ევროკავშირისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ დაიცვას თავისი ფასეულობები”, - განმარტავს ხოკრიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.




























