მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეესტრმა ბინის მესაკუთრეს სარდაფის გაერთიანების რეგისტრაციაზე უარი უთხრა - დოკუმენტი

61612f26c3cb8
BM.GE
09.10.21 09:42
7951
ბათუმში, 26-მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსში პირველ სართულზე მცხოვრები ზ.ბ. ბინა N1-სა და სარდაფს აერთიანებდა - ამის შესახებ მის მიერვე საჯარო რეესტრისთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა. შესაბამისი განცხადება ზ.ბ.-მ საჯარო რეესტრში 4 ოქტომბერს შეიტანა, 8 ოქტომბერს კი რეესტრმა დოკუმენტაციის, კერძოდ კი აზომვითი ნახაზების არარსებობის გამო, მას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

"დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი"- ნათქვამია საჯარო რეესტრის პასუხში.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ დაკავებულია ბინის მესაკუთრე ზ.ბ. და მის მიერ რემონტისთვის დაქირავებული ორი პირი. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებული არიან პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში.

ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები