მოლდოვაში ევროკავშირთან დაკავშირებით ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.
რეფერენდუმში ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის შესახებ პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა. მართალია თავდაპირველად, წინასწარი შედეგებით უარყოფითი პოზიცია ჭარბობდა, თუმცა საზღვარგარეთ არსებული ბიულეტენების დათვლის შედეგად საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების პოზიციამ გადაწონა და დადებითი პასუხების რაოდენობამ 50.46% შეადგინა. საბოლოოდ, პასუხებს შორის სხვაობა 14 000 ხმაზე ნაკლები იყო.
მართალია პრორუსული პარტიები მოუწოდებდნენ ხალხს ხმა წინააღმდეგ მიეცათ ან საერთოდ მონაწილეობა არ მიეღოთ რეფერენდუმში, მაგრამ აქტივობა 50%-ს მიუახლოვდა, რაც აღემატება 33%-იან ბარიერს, რომელიც აუცილებელია, რომ შედეგები ვალიდურად ჩაითვალოს.
რეფერენდუმის წინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 55%-მა მხარი დაუჭირა გაწევრიანებას, ხოლო 34% წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, რეფერენდუმში პროევროპული პოზიციის მხარდაჭერის შედარებით დაბალი მაჩვენებლის ფონზე, პრეზიდენტი მაია სანდუ საგარეო ძალების მხრიდან „ბინძურ ჩარევაზე“ მიუთითებდა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რეფერენდუმის პარალელურად გაიმართა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 42,45%-ით მოიპოვა, თუმცა ეს საკმარისი არაა უმრავლესობის მოსაპოვებლად, ამიტომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. სანდუს მოწინააღმდეგე ყოფილ გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელმაც ხმების 25,98% მოიპოვა. მას პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, უკრაინასთან ერთად, ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა.