ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად, დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. წერილში, რომელიც რეალურად, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების რეიტინგზე დაწერილი ტექსტია, პრეზიდენტი FED-ის თავმჯდომარეს კვლავ “ნელს” უწოდებს.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25-4.5%-ის შუალედისა, რასაც პრეზიდენტი შემცირებული ინფლაციით ხსნის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ისტორიულად გაძვირებული კაპიტალით, ამერიკელები ასობით მილიარდ დოლარს კარგავენ და ეს, მისი თქმით, სწორედ ჯერომ პაუელის დამსახურებაა. აღნიშნული, გარკვეულწილად მართალია, რადგან წელს პაუელს განაკვეთი ჯერ არ შეუმცირებია.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეამცირა, მათ შორის სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტითაც, რაც საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯია. მიმდინარე წელს, ვითარება შეიცვალა, რაც, დიდწილად, თავად დონალდ ტრამპს და მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში შემოტანილ გაურკვევლობას და არაპროგნოზირებას უკავშირდება. ტარიფები, რომელთა ბედი ჯერაც გაურკვეველია, დიდ ინფლაციურ რისკს შეიცავს, რის გამოც FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით შერბილება, საკამათოა.
ისე კი, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იმდენად მნიშვნელოვანი ინსიტუტია, რომ ხშირად, მის ხელმძღვანელს პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად მოიხსენიებენ. FED-ის თავმჯდომარე პირადად არის პასუხისმგებელი აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, ანუ მსოფლიოს მთავარი ვალუტის — ამერიკული დოლარის ღირებულებაზე და ხელმისაწვდომობაზე. შედეგად, ფედერალური რეზერვის თითოეული გადაწყვეტილება მოქმედებს, როგორც საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე, ასევე ვალუტებზე და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე.
დიდძალი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი სრულად აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მოქმედების თავისუფლება ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. დამფუძნებელ მამებს მიაჩნდათ, რომ მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველია, რის გამოც FED-ის თავმჯდომარე სრულად დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური და თან, ფინანსურ წრეებში უნაკლო რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს წესი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში მას დღემდე იცავენ.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი პერსონაა, სრული სიმართლეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების გამო FED-ის თავმჯდომარეს მრავალმხრივი კრიტიკა არ ხვდება. ბოლოს, ასეთი შემთხვევა ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში მოხდა. მილიარდერი პრეზიდენტი ფედერალური რეზერვის მუშაობით იმდენად უკმაყოფლო აღმოჩნდა, რომ უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გადადგომა მოითხოვა, თანაც არაერთხელ. ტრამპის თქმით, ცენტრალური ბანკი ნელა და დაგვიანებით მოქმედებს, რადგან რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს.




























