ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აგრძელებს და გუშინდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შეამცირა. ეს კი 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების ფონზე, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მიზანშეწონილია. თუმცა მარეგულირებელი იმასაც განმარტავს, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ რისკად ტრანსპორტირების გაძვირება სახელდება. ეკონომისტების შეფასებით, მაკროეკონომიკური გარემო მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას იძლევა, თუმცა ისინი მიმდინარე წელს განაკვეთის მკვეთრად შემცირებას აღარ ელიან. როგორ აისახება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ბაზარზე და როგორია მოლოდინები?