შერბილება, თუმცა ფრთხილი ნაბიჯებით - ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის დაანონსებულ ტრაექტორიას არ უღალატა და წელს უკვე მეოთხედ რეფინანსირების განაკვეთი კლების კუთხით დააკორექტირა, ჯამში, წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკის მთავარი განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.5%-ით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 186 416 მსესხებელს, რომელთა უმეტესობას სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული, სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა შეუმცირდეს.
მონეტარული პოლიტიკის შერბილება უპირველესად მოსალოდნელზე მეტად შემცირებულ ინფლაციას უკავშირდება. ფასების საერთო დონე ნოემბერში მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლებამ და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის დაბალმა ფასებმა როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების სასარგებლოდ გადაწონა. დამყარდა თუ არა „სრული კონტროლი“ ინფლაციაზე, რა რისკები რჩება ბაზარზე და რა სცენარებს ამუშავებს ეროვნული ბანკი?
სტუმარი: შალვა მხატრიშვილი - ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;