მელიორაციის სექტორის რეფორმირება იწყება. "სემეკმა", როგორც ამ სექტორის მარეგულირებელმა უწყებამ „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა უკვე დაამტკიცა. ამ გეგმის ფარგლებში აღირიცხება როგორც არაპირდაპირი, ისე პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის რესურსი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედება მელიორაციის სექტორში ახალ სატარიფო გაანგარიშებას.
არა პროფილური მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის რესურსის აღრიცხვა და გამრიცხველიანება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, რა პროცესიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს. არა პროფილური მომხმარებლები არიან: ტბორები, ჰესები, ასევე ცემენტის ქარხნები, რომლებიც წარმოების დროს წყლის რესურსებს მოიხმარენ, ასეთი ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტი მომხმარებელია. რაც შეეხება პროფილურ მომხმარებლებს მათ შორის ფერმერებს მათ შემთხვევაში, აღრიცხვიანობის გეგმა მომავალ 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. როგორც "სემეკში" განმარტავენ, ირიგაციის სექტორში მოხმარებული წყლის რესურსის აღრიცხვამ საფუძველი უნდა შექმნას იმისთვის, რომ სემეკმა ამ სექტორისთვის ახალი ტარიფები დაადგინოს.
„ეს არის პროფილური და არა პროფილური მომხმარებლების გამრიცხველიანების გეგმა, რომელიც გულისხმობს არსებულ მელიორაციის სისტემებზე პროფილურ და არა პროფილური მომხმარებლისთვის აღრიცხვის მოწესრიგებას და გამრიცხველიანებას. გეგმა არა პროფილური მიმართულებით გულისხმობს 225 მომხმარებლის გამრიცხველიანებას, რა პროცესიც დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან და 2025 წლის მეორე კვარტალში დასრულდება. ეს გულისხმობს მოხმარებული წყლის აღრიცხვას, ხოლო პროფილური მომხმარებლების კუთხით აღრიცხვიანობის გეგმა, 10-წლიანია, 2025-2035 წლებს მოიცავს და არ გულისხმობს სრულად პროფილური მომხმარებლების აღრიცხვას, აქ ძირითადად ჩვენ გვხვდება საბალანსო წერტილები, ე.წ მუდმივ წერტილები [ ასეთი დაახლოებით 1600 წერტილია] და გულისხმობს აღნიშნული მიწოდების წერტილების მოწყობას ან მოწყობილის რეკონსტრუქციას და იქ გამრიცხველიანების მოწყობას.
დღეს მიმდინარე ტარიფებით დადგენილია წლიური საფასური, რომელიც არის ფიქსირებული საფასური, ხოლო როცა ტარიფების ახალი სტრუქტურა დადგინდება, რომელსაც საფუძვლად დაედება აღრიცხული წყალი, ეს გულისხმობს უკვე მოხმარებული წყლის მიხედვით სატარიფო გაანგარიშებას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა პროფილური მომხმარებლების კუთხით შესაძლოა ეს გულისხმობდეს მოხმარებული ნორმის მიხედვით საფასურის დაანგარიშებას, ხოლო არა პროფილური მომხმარებლებისთვის შეიძლება ეს გულისხმობდეს მოხმარებული წყლის რაოდენობით საფასურის გაანგარიშებას“,- აცხადებს რევაზ გერაძე, სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი.
დღეს მოქმედი ტარიფები ირიგაციაში მხოლოდ ფერმერებისთვისაა განსაზღვრული. კერძოდ, დღემდე ქვეყანაში, მელიორაციაში 2011 წელს დადგენილი ტარიფი მოქმედებს, რაც მორწყვისას 1 ჰა-ზე 75 ლარით განისაზღვრება. მიუხედავად იმისა თუ რამდენს მოიხმარს ცალკეული ფერმერი, ის ფიქსირებულად 75 ლარს იხდის.
რეგულირების ახალი ჩარჩოს ამოქმედების შემდეგ, წესები მელიორაციის ყველა სექტორზე გავრცელდება. სატარიფო გაანგარიშების დროს დიდი ალბათობით გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა საინვესტიციო ვალდებულებები.
როდის დადგინდება მელიორაციაში ახალ ტარიფები ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებზე ჯერ მარეგულირებელ კომისიაში არ საუბრობენ. თუმცა აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმის ფარგლებში ამის გაკეთება სემეკს 2025 წლიდან უკვე შეუძლია.